Home > Football > Sport & Religion. What role faith has in football

Sport & Religion. What role faith has in football

პრემიერ ლიგის 33-ე ტურში თამაში მცირე ხნით შეწყდა, იმისათვის, რომ უესლი ფოფანას და შეიხუ კუიატეს მოედნის მისადგომებთან წყალი ან იზოტონური სასმელი მიეღოთ. საქმე ისაა, რომ ეს ფეხბურთელები რამადანს იცავენ, რაც ნიშნავს იმას, რომ მზის ამოსვლიდან – მზის ჩასვლამდე საკვებსა და სასმელზე უარს ამბობენ, ვარჯიშები და თამაშები კი დღის საათებშია, ამიტომ, მთელი ამ დატვირთვების ფონზე, მათი ორგანიზმი საკვების სახით არაფერს იღებს, ხოლო, როგორც კი მზე ჩადის, აუცილებელია, რომ სასმელი მაინც დალიონ. 

მატჩის წინ, კრისტალ პალასის ექიმი, ზაფ იქბალი, ესაუბრა კლუბის მწვრთნელებს, ბრენდან როჯერსსა და როი ჰოჯსონს, ასევე, მატჩის მთავარ არბიტრს, გრემ სკოტს და ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მცირე პაუზა აეღოთ და ფეხბურთელებისათვის სასმლის მიღების საშუალება მიეცათ.  

მატჩის შემდეგ, უესლი ფოფანამ პრემიერ ლიგას, მეტოქის მეკარეს (რომელმაც ბურთი თამაშში არ შეიყვანა) და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა, – აი, ამიტომ არის ფეხბურთი მშვენიერი“, – დაწერა მან Twitter-ზე. 

პრემიერ ლიგის წესდების მიხედვით, თამაშის შეჩერება შესაძლებელია, თუ კაპიტნები და მსაჯი შეთანხმებას მიაღწევენ, მაგრამ რამადანის მოტივით შეხვედრა პირველად შეჩერდა. აქამდე გვინახავს მსგავსი რამ მაღალი ტემპერატურის დროს, რაც ხშირი იყო ზაფხულში, როდესაც კორონავირუსის გამო ჩემპიონატები ზამთარში შეწყდა და ზაფხულში გაგრძელდა. 

პრემიერ ლიგამ კლუბებს მიმართა, რომ თუ მათ სურთ, მუსლიმი ფეხბურთელების გამო, რამადანის მოტივით მატჩები შეჩერდეს, ამისათვის უნდა მიმართონ მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლებსა და შეხვედრის არბიტრს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მატჩის შეჩერება. 

ასევე, პრემიერ ლიგის აკადემიებს მიაწოდეს დამატებითი ინფორმაცია რამადანის შესახებ, თუ რა წესებსა და აკრძალვებს მოიცავს, იმისათვის, რომ მათთან მყოფი მუსლიმი ფეხბურთელების მდგომარეობა უკეთესად გაეგოთ. 

უესლი ფოფანა ამ სეზონში ლესტერის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, როგორც მთლიანად გუნდმა, ასევე, კონკრეტულად მან მიმდინარე სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და გრანდების ყურადღების ცენტრშიც მოექცა, მას რამდენჯერმე თამაშის დაწყება მოუხდა მაშინ, როცა 14 საათი იყო გასული, მას შემდეგ, რაც სასმელი და საკვები მიიღო.

პალასთან მატჩის შემდეგ ბრენდან როჯერსმა კომენტარი გააკეთა:

 „ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც მძიმე მარხვას იცავს და მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, მიუხედავად ამისა, უმაღლეს დონეზე თამაშობს, ეს წარმოუდგენელია!“

„მთელი დღის უსმელ-უჭმელმა ითამაშა FA Cup-ის ნახევარფინალი, მხოლოდ შესვენებაზე მიიღო საკვები, შეადარეთ ეს ტაიმები და ნახავთ, რომ არანაირი განსხვავება არ არის, ფოფანა იმავე დონეზე თამაშობს“. 

„მხოლოდ ერთხელ გავიფიქრე, რომ გამომეცვალა, იმისათვის, რომ საკვები სწრაფად მიეღო და როგორმე დამეცვა გადატვირთვისგან, მაგრამ ის გვაჩვენებს, რომ ყველაფერი კარგად არის. ბევრ ფეხბურთელთან მიმუშავია, რომლებიც რელიგიურ ტრადიციებსა და რიტუალებს აღასრულებენ, ამის საფუძველზე მათი უმრავლესობა  უფრო ძლიერი და თავდაჯერებული ხდება, ისინი ნებისყოფას გამოიმუშავებენ, ფოფანა დიდი ტალანტი და ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“.

უესლი ფოფანა ღამის სამის ნახევარზე იღვიძებს იმისათვის, რომ საკვები მიიღოს, კლუბი მას ყველაფერს უმზადებს, ისევე როგორც ლესტერის ნახევარმცველ ჰამზა ჩოდრისა და ბრენდან როჯერსის ასისტენტს, კოლო ტურეს, რომლებიც ასევე იცავენ რამადანს. 

პრემიერ ლიგის რეკომენდაციების მიხედვით, ყველა საკვები და სასმელი მუსლიმი ფეხბურთელებისათვის უნდა იყოს მარკირებული, რათა მარხვის საათების დასრულების შემდეგ მათ მიიღონ პროტეინებით სავსე საკვები და იზოტონური სასმელები. 

მას შემდეგ, რაც მანჩესტერისა და ლიდსის შეხვედრაში, სულშერმა პოგბა მხოლოდ 76-ე წუთზე გამოიყვანა, მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იყო თუ არა ეს გამოწვეული რამადანის მარხვით და ფეხბურთელის ფიზიკური მოუმზადებლობით.

„ფიზიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, პოლს აქვს იმის მონაცემები, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვას, უნდა შეგვეყვანა თუ არა უფრო ადრე? შეიძლება“.

უოტფორდის 23-წლამდელთა აკადემიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ყოველდღე იცავს რამადანს, ხოლო რამდენიმე მათგანი მატჩის დღეს არ მარხულობს.

„რამადანის დროს მუსლიმები ძალიან მშვიდები ხდებიან, ყურანს კითხულობენ, საკვებს გასცემენ და კონცენტრირებული ვარჯიშობენ“. 

ბრიტანეთში ორგანიზაცია ნუჯამი მიზნად ისახავს, პრემიერ ლიგის კლუბებს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია მუსლიმი ფეხბურთელების კონფესიის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ, ასევე, ამარაგებს მუსლიმ ფეხბურთელებს საჭირო ინვენტარით. 

„მაგალითად, პაუზის დროს ჯორდან აეუ არ შეუერთდა კუიატეს წყლის დასალევად, თუ განელმა მატჩის დღეს მარხვაზე უარი თქვა, ეს ნიშნავს, რომ ის ან მომავალ წელს აინაზღაურებს ამ დღეს, ან გამოკვებავს იმ ადამიანს, რომელსაც ეს მეტად სჭირდება“. 

„რამადანი მოგზაურობის დროს არ ინახება, თუმცა, რამდენიმე სპორტსმენი გასვლითი მატჩების დროს მაინც იცავს მარხვას, მათ ვურჩევთ, რომ ეს არ გააკეთონ, ამის აუცილებლობა არ არსებობს“,  

– ამბობს რაშიდი, ორგანიზაცია ნუჯამის წარმომადგენელი.

კუიატე ამბობს – ვარჯიშის შემდეგ ბენტეკეს სახლში მივდივართ, ის ჩემთან, სახოსა და აეუსთან ერთად ლოცულობს, მისთვის ეს კარგი გამოცდილებაა“.

რას ჭამენ ფეხბურთელები, როცა მარხვის საათები იწურება? 

რა თქმა უნდა, ისინი ნუტრიციოლოგთან გადიან კონსულტაციებს და ის ურჩევს, თუ რისი მიღებაა საჭირო. უცნაურია, მაგრამ რამადანის დროს წონაში მატების შემთხვევებიც არის, ასე ხდება, როცა ერთიანად დიდი რაოდენობის საკვებს იღებ“, – ამბობს ნუჯამის დამფუძნებელი ებადურ რამანი.

ნუჯამი ამზადებს ყუთებს მუსლიმი ფეხბურთელებისათვის, რომელშიც ინახება თაფლი, კრიალოსანი, წმინდა წყალი და კალენდარი, ინგლისის პრემიერ ლიგაში დაახლოებით ორასმა ფეხბურთელმა შეიძინა მათი პროდუქცია. 

ნუჯამი ამზადებს ყუთებს მუსლიმი ფეხბურთელებისათვის

პრემიერ ლიგის დაარსებიდან დიდი დრო გავიდა, 1992/93 წლების სეზონში ლიგაში მხოლოდ ერთი მუსლიმი ფეხბურთელი ირიცხებოდა, ახლა კი მათი რაოდენობა 79-ს შეადგენს, აკადემიაში მოთამაშე ფეხბურთელების ჩათვლით. 

2012 წელს, იაია ტურემ საჯაროდ თქვა უარი შამპანურზე, რომელსაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემდნენ, მიზეზად მისი რელიგია დასახელდა, მას შემდეგ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს მინიატურულ პრიზს გადასცემენ. 

მოჰამედ სალაჰი ფინალის წინ

რამადანი ყველაზე აქტუალური ხდება მაშინ, როცა წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თამაშია და პასუხისმგებლობა იზრდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, მოჰამედ სალაჰი ჯერ კიდევ რამადანს იცავდა, ხოლო გულშემატკივართა დიდი ნაწილი და კლუბის ხელმძღვანელობა მოითხოვდნენ, რომ მარხვა დაერღვია, რათა ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო. საბოლოოდ, სალაჰმა რამდენიმე დღით ადრე გადაწყვიტა, მარხვა შეეწყვიტა და ფინალის წინ მთელი გუნდის მსგავსად მომზადებულიყო, ამას კი მუსლიმი იმამი გამოეხმაურა (მუსლიმთა სასულიერო პირი), რომელმაც თქვა, რომ სალაჰი შეცდომას უშვებდა და ის ამისათვის დაისჯებოდა. 

ეს უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რადგან მარცხის შემთხვევაში მო სალაჰი ნებისმიერ შემთხვევაში განტევების ვაცად იქცეოდა. მას რომ მარხვა დაეცვა და ლივერპულს ფინალი წაეგო, ხალხი იტყოდა, რომ მარხვის გამო ფინალში მოუმზადებელი იყო, ხოლო თუ მარხვას დაარღვევდა, მაშინ მუსლიმები იტყოდნენ, რომ მარხვის დარღვევის გამო დაისაჯა. საბოლოოდ კი ყველაზე ცუდი რამ მოხდა, რაც კი შეიძლებოდა – სერხიო რამოსთან დაპირისპირების დროს მხრის ტრავმა მიიღო და საფინალო მატჩი ნაადრევად დაასრულა, არადა, კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებდა.

მატჩის შემდეგ კი იმამისგან მოსალოდნელი კომენტარიც მოვისმინეთ: სალაჰი მარხვის დარღვევის გამო დაისაჯა!“ – თქვა იმამმა და ათასობით ადამიანს დააჯერა კიდეც, რომ ეს ნამდვილად ასე იყო. 

არაბეთში

როგორ ხდება მარხვის დროს ორგანიზმის ადაპტირება დატვირთვებთან, ამის შესახებ მერაბ ვარძუკაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც საქართველოს ნაკრებისა და თბილისის დინამოს ყოფილი ექიმია, უმუშავია აზერბაიჯანშიც, ამჟამად საუდის არაბეთში საფეხბურთო კლუბ ეტიფაქის მთავარი ექიმია, შეხება აქვს სხვადასხვა ეროვნებისა და კონფესიის წარმომადგენლებთან, რომელთაც მათივე მრწამსიდან გამომდინარე უწევთ ადგილობრივ გარემოსთან ადაპტირება. 

როგორც ვარძუკაშვილმა გვითხრა, რამადანი არაბეთში უფრო რთული დასაცავია, გამომდინარე იქიდან, რომ დღის რეჟიმი ბოლომდე იცვლება, ვარჯიშების ინტენსივობა იკლებს იმისათვის, რომ ტრავმის პროვოცირება არ მოხდეს, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ რამადანის პერიოდში ყველაზე ხშირად ტრავმებს იღებენ ის უცხოელი ფეხბურთელები, რომლებიც არაბეთში აგრძელებენ კარიერას, მათი ორგანიზმი მიუჩვეველია მსგავს ცვლილებას, ამიტომ რთულად იტანენ, ხოლო ადგილობრივები 10-12 წლიდან ეჩვევიან რამადანს. 

მერაბ ვარძუკაშვილს ნუჯამის დამფუძნებლისგან განსხვავებული აზრი აქვს კვებასა და წონის მატებასთან დაკავშირებით, დასადასტურებლად კი სტატისტიკაც მოჰყავს, თუ სწორად იქნება რეჟიმი დაცული და საკვები ზომიერად იქნება მიღებული, წონის მატება შეუძლებელია, პირიქით, მისი თქმით, ფეხბურთელთა უმრავლესობამ წონაში დაიკლო. 

თუმცა, ინგლისსა და არაბეთში განსხვავებული დღის რეჟიმია, ბრიტანეთში მუსლიმები იძულებულნი არიან, რომ ადგილობრივ რეჟიმს მოერგონ, ხოლო არაბეთში უცხოელ ფეხბურთელებს უწევთ ადგილობრივ ტრადიციასა და რეჟიმზე მორგება, აღსანიშნავია, რომ ცვლილებებს მმარხველები უფრო მარტივად იტანენ ევროპაში, ვიდრე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები არაბეთში. 

დამოკიდებულება საქართველოში

აქაც გერმანულ პროექტს უნდა მივუბრუნდეთ, როგორც არაერთხელ გაგვიკეთებია, იყო შემთხვევა, როცა ქართველი ფეხბურთელები მარხვას ინახავდნენ და კონკრეტულ პროდუქტზე უარი თქვეს, რამაც კლაუს ტოპმიულერის გაოგნება გამოიწვია (როგორც ჰყვებიან), გერმანელმა ვერ გაიგო, მის თავს რა ხდებოდა. 

მოყოლით კი ამ ამბავს ისინი ჰყვებიან, ვინც რა მოტივით და კრიტერიუმით აღმოჩნდა ნაკრების შტაბში, დღემდე დაუდგენელია. ყვებიან და დასცინიან ფეხბურთელებს, რომლებიც მარხვას ინახავდნენ. პატარა ქვეყნის კომპლექსმა აქაც თავისი გააკეთა, თურმე, უცხოელის თვალში ისეთი ჩამორჩენილები გამოვჩნდით, რომ მეტი არ შეიძლებოდა, აბა, სად ფეხბურთი და სად მარხვა?! 

როგორი პოლიტიკაც მძლავრობდა იმ წლებში, ისეთივე იყო დამოკიდებულება, რეალობა კი სულ სხვა რამეს გვაჩვენებს, რეალობა გვაჩვენებს იმას, რომ ფეხბურთელები უმძიმეს მარხვას ინახავენ, მათი მწვრთნელები კი, ვისაც მართლა რაღაც ეთქმის ფეხბურთში, ამას სოლიდარობით და პატივისცემით ეკიდებიან. 

განსხვავებული მრწამსისა და ამისგან გამოწვეული შეზღუდვების შესახებ ისაუბრა თბილისის ლოკომოტივის მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში მოუხდა იმ ფეხბურთელის გაწვრთნა, ვინც რამადანს იცავდა: 

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს რწმენა ჰქონდეს, ადამიანი რწმენის გარეშე, ვფიქრობ, რომ არაფრის მომტანი არაა, არც თავისთვის და არც სხვისთვის. აქვს გარკვეული შეზღუდვები კვებასთან და სასმელთან დაკავშირებით, რაც დისკომფორტს ქმნის, პირველ რიგში, თავად მისთვის, მაგრამ მოხარული ვარ, რომ იმ ვალდებულებებს, რაც მრწამსიდან გამომდინარე აკისრია, ასე კარგად იცავს და ასრულებს“.

რწმენა რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მთავარი მოტივატორია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება, რწმენაზე დიდი შინაგანი ძალა ადამიანისათვის არ არსებობს, რელიგია ოპიუმიაო, უთქვამს მარკიზ დე სადს, გაუმეორებია კარლ მარქსს და დაუმახინჯებია ვლადიმერ ლენინს, თითოეული მათგანი ამ სიტყვებში განსხვავებულ აზრს ხედავდა, ფაქტია, რომ დაუშრეტელ ენერგიას გმატებს და შენს ცხოვრებას წარმართავს, ოღონდ მიზანი ყოველთვის კეთილშობილური არ ყოფილა, რელიგიის სახელით უამრავი ბოროტებაა ჩადენილი და ამიტომაც არსებობდა და ყოველთვის იარსებებს წინააღმდეგობრივი მოსაზრებები, მაგრამ იმაში, რომ ფეხბურთელი მარხულობს და ლოცულობს, დასაძრახი არაფერია. 

მუსლიმი ფეხბურთელები წარმატებით თამაშობენ ნებისმიერ დონეზე, თუნდაც მადრიდის რეალში: ქარიმ ბენზემა, ზინედინ ზიდანი, სამი ხედირა, მესუთ იოზილი. 

მუსლიმ ფეხბურთელებთან ურთიერთობა გაიხსენა ჩავი ერნანდესმა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა არაბეთში დაიწყო: ჩვენ ჯერ კიდევ აკადემიაში ვისწავლეთ, რომ განსხვავებულს პატივი უნდა ვცეთ, სეიდუ კეიტა ხშირად ითხოვდა თავისუფალ ოთახს, რათა ლოცვა შეძლებოდა, ის ყველგან ლოცულობდა და ეს ხელს არავის უშლიდა, ასევე იყვნენ ერიკ აბიდალი და იბრაჰიმ აფელაი“.

2009 წელს პუბლიცისტმა, დავით კოვზირიძემ გამოაქვეყნა ბლოგპოსტი, სახელწოდებით – „ჯიპებში, მარხვაზე, წაგებულები“, რომელმაც უმეტესად მოწონება დაიმსახურა და პროგრესულ მოსაზრებად შეფასდა. ბლოგში განხილულია მიზეზები, თუ რატომ წავიდა ქართული ფეხბურთის საქმე უკან და ავტორი უმთავრეს მიზეზად მენტალობას ასახელებს, ხოლო ფეხბურთელის მარხვაზე ყოფნა მენტალური სისუსტისა და ქაოსის ნაწილად მიაჩნია.  

იმ კონკრეტულ დროს, მსგავსი მოსაზრება გასაკვირი არ ყოფილა, რადგან ზუსტად ეს იყო პერიოდი, როცა ბალანსი დავკარგეთ და ერთი უკიდურესობიდან მეორეში აღმოვჩნდით, ანუ, რელიგიასთან შეზრდილი ულტრანაციონალიზმიდან, ნეოლიბერალურ ქაოსში გადავეშვით და იმის მაგივრად, რომ თვითგამორკვევის გზაზე გვეარა, ისეთივე ფსევდოიდეოლოგიურ სიყალბეში ჩავიძირეთ, როგორც დამოუკიდებლობის საწყის წლებში ვიყავით ფსევდოპატრიოტიზმსა და ნაციონალიზმში გახვეულნი. 

დავითს მოჰყავს კონკრეტული მაგალითიც: ნუთუ ეს სიმართლეა? იკითხა გაოგნებულმა კლაუს ტოპმიულერმა, როცა ნაკრების სადილზე შესულმა გაიგო, რომ ნახევარი გუნდი მარხვაზეა და ხორცთევზეულს პირსაც არ დააკარებს, – ჩვენ ვნახეთ, როგორ რეაგირებს ბრენდან როჯერსი იმ ფეხბურთელების პოზიციაზე, რომლებიც მძიმე მარხვას იცავენ, როგორი მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობიან მათ, ვნახეთ, როგორ იხსენებს მუსლიმებს ჩავი და რა ფასეულობებზე იზრდებოდნენ მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო აკადემიაში, ამიტომ, ტოპმიულერის გაკვირვება და გაოცება მაინც გადამეტებული ამბავი მგონია და ხმაც კონკრეტული ადამიანების ინტერპრეტაციით გავრცელდა, ან, თუ მართლაც ასე გაოგნდა, ესე იგი ილდირაი ბასთურქს მის გუნდში არ უთამაშია. არადა, როგორ არ უთამაშია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ ერთად. გერმანიაში ეთნიკური თურქების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს და უკვე შვიდ მილიონს აჭარბებს, გვინახავს და ვხედავთ მათ წარმომადგენლებს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში, ეთნიკური თურქების უმრავლესობა მუსლიმია, მუსლიმების სრული უმრავლესობა კი მარხვას იცავს, ამის ფონზე თუ რამე იწვევს გაკვირვებას, ეს თავად ტოპმიულერის გაოგნებაა. 

იქნებ, ქრისტიანულ ქვეყანაში არ ელოდა მმარხველებს? რაღაც არადამაჯერებელია.

ეროვნებით ჰოლანდიელი, კონფესიით მუსლიმი ფეხბურთელი, ულად ომარ იმრანი თბილისის ლოკომოტივში ირიცხება, იმრანი ამსტერდამელია, თავისუფალ გარემოში დაბადებულ-გაზრდილი, როგორც ყველაზე თავისუფალ ქალაქში იცავდა ტრადიციებსა და აღასრულებდა რელიგიურ რიტუალებს, ასევე აგრძელებს თბილისშიც, ჩვენი ქალაქი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ განსხვავებული კონფესიების მქონე ადამიანები მიიღოს. 

„საქართველოში ისლამის გამო პრობლემა არასდროს შემქმნია, ცხადია, მეც პატივს ვცემ სხვა რელიგიებს, რწმენის თავისუფლება ყველას აქვს“.

„გოგოების მიმართ დიდ ინტერესს არ ვიჩენ, რადგან ჩემი რელიგიის გამო, თუკი მასთან ერთად დავჯდები, მაშინ მასზე უნდა ვიქორწინო, ამიტომ ამ მიმართულებით თავს ვიკავებ“, – ამბობს იმრანი.

მენტალური პროვინციალიზმი სწორედ ის არის, როცა საკუთარი ფასეულობა და ტრადიცია არაფრად მიგაჩნია, სასაცილოდ გაგიხდია და დასავლეთიდან მოსული, ღმერთი გგონია, რომელთანაც ბოდიშებით უნდა ილაპარაკო. 

თუ შენ არ სცემ პატივს საკუთარ კულტურას, მაშინ არც არავინ მოგეპყრობა პატივისცემით, ჩვენ კი ვხედავთ მუსლიმი სპორტსმენების მაგალითზე, რომ მათ, თავიანთი სიმტკიცის, საკუთარი სარწმუნოების მიმართ შეუვალობისა და ერთგულების კვალდაკვალ, დიდი პატივისცემაც დაიმსახურეს. ამ ხალხს საკუთარი თავი და იდენტობა ნაპოვნი აქვს, ყველაზე დიდი მენტალური გამარჯვება კი სწორედ ეს არის. 

ჩვენი პრობლემა იყო და არის ის, რომ თავი ვერ გვიპოვია და თვითშეცნობის გზაზე ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს. აბსოლუტურად ნორმალური ამბავია ის, რომ 23 კაციდან ნახევარი, შესაძლოა მორწმუნე და მმარხველი აღმოჩნდეს, ვიღაც უმცირესობების დამცველი და თანასწორობისთვის მებრძოლი, ვიღაც უცხო ქვეყანაში გაზრდილი, რომელიც ფესვებს დაუბრუნდა, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ, განსხვავებების მიუხედავად, თითოეული მათგანი ერთი მიზნისთვის იბრძვის. 

დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაფერი უფრო მარტივად ჩანს, ალბათ ის გაუგებარი პერიოდიც უნდა გაგვევლო. 

ზიდანის ბიბლიური პორტრეტი

დარბის იონა მიწიდან მიწაზე, გაურბის ხმას, რომელიც ეძახის, მაგრამ საკუთარ გულისთქმას ვერ გაექცა, სადღაც ვეშაპის მუცელში კი, როგორც იქნა, მოუსმინა. 

2006 წელს, ზინედინ ზიდანი ნაკრებში დაბრუნდა, ზედ მუნდიალის წინ, ჟურნალისტებმა ჩათვალეს, რომ ზიდანმა იეშმაკა, ქრისტეს ასაკში მყოფი, მთელი სეზონი დატვირთვას ვერ გაუძლებდა, ამიტომ შესარჩევის ექვსი თამაში გამოტოვა, შემდეგ კი დაბრუნდა. 

ზიზუმ დაბრუნების მიზეზად დაასახელა ის, რაზეც ბევრი არასდროს არავის უსაუბრია, რადგან ამის უარყოფა ან დადასტურება შეუძლებელია. აი, რა თქვა დაბრუნების შემდეგ ზინედინ ზიდანმა: ეს იმდენად ირაციონალურია, რომ მხოლოდ მე ვარ ადამიანი, ვისაც ბოლომდე შეუძლია ყველაფერი შეიგრძნოს. ღამით, სამ საათზე გამეღვიძა და ვიღაცას ველაპარაკე, მაგრამ ეს არავინ იცის, ჩემმა ცოლმაც კი. სიკვდილამდე არ ვიტყვი, თუ ვის ველაპარაკე, ეს ზედმეტად არარეალურია. ეს იყო ის, ვისაც ალბათ ვერასდროს შეხვდებით.

საათების განმავლობაში, მე ვიყავი მარტო მის წინაშე და დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე, ასეთი რამ ადრე არასდროს განმიცდია, ვგრძნობდი, რომ ეს ძალა განკარგავდა ჩემს მოქმედებებს, ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო და აუცილებლად უნდა დავმორჩილებოდი ხმას, რომელიც რჩევებს მაძლევდა“, – თქვა ზიდანმა და ჟურნალისტებს ღიმილი მოჰგვარა.

შეგონება, გამოცხადება, იქნებ ჰალუცინაცია?!

ასეთი ადამიანისაგან ჰალუცინაცია უფროა მოსალოდნელი, ვიდრე ტყუილი, ეს ხომ ზინედინ ზიდანია და არა მარიო ბალოტელი?! სურვილს ძალიან დიდი ძალა აქვს, ფსიქოლოგიას კი შეუძლია იმის დამტკიცება, რომ სურვილს ჰალუცინაციის გამოწვევაც შეუძლია. იმდენად სურდა დაბრუნება, რომ გაიგონა ის, რის მოსმენაც სურდა, ფსიქოლოგიური ფაქტორი ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

რაც შეეხება ონტოლოგიურ დაშვებას, ამის დამტკიცება შეუძლებელია და არც ვარაუდებს აქვს აზრი, რეალურად არავინ იცის, გაიგონა თუ არა რამე და, შესაბამისად, ვერც ვერაფერს გამორიცხავ. 

მთავარი კი ის არის, რაც შემდეგ მოხდა, დილემა მსოფლიოს ჩემპიონობასა და ოჯახის წევრების შეურაცხყოფის მოთმენას შორის. ეს დილემა გახდა ზიზუს საფეხბურთო კარიერის ბოლო წერტილი, ხოლო შეუშალა თუ არა მის კარიერას ხელი რწმენამ, მარხვამ, ლოცვამ ან ირაციონალურმა ხმებმა, ეს ყველამ თავად განსაჯოს.