გარა ჩარუა – ურუგვაული ფეხბურთის ფილოსოფია და მამოძრავებელი ძალა

ერთი შეხედვით წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ, რომ სამმილიონნახევრიანი ქვეყანა, ნებისმიერ საფეხბურთო ნაკრებს უწევს კონკურენციას და ძალიან ბევრს აღემატება კიდეც. ურუგვაის მეზობლებთან შედარებით ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ბრაზილიაში შეიძლება ყოველ წელს გამოჩნდეს ვარსკვლავი და ყოველ წელს დაიკარგოს არასპორტული ცხოვრების წესის გამო, ურუგვაიში კი ფეხბურთელებს ამის უფლება არ აქვთ, მართლაც იშვიათია, რომ ნიჭიერმა ურუგვაელმა მიზანს ვერ მიაღწიოს და არაპროფესიონალიზმის გამო ბოლომდე ვერ რეალიზდეს. როცა საქართველოს ნაკრებზე მიდგება საქმე, იმ არგუმენტსაც მოვისმენთ, რომ პატარა ქვეყანა დიდი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებს, მაგრამ ურუგვაის მაგალითი სულ სხვა სურათს გვიჩვენებს, რა თქმა უნდა, უამრავი სხვაობაა, ისტორიული, პოლიტიკური და სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე, მაგრამ, როგორც მინიმუმ, ურუგვაელები გვაჩვენებენ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მიზანს ურყევი და ძლიერი მენტალობის წყალობით აღწევენ, მენტალობის ჩამოყალიბება კი კონკრეტული ფილოსოფიის შედეგია, რომელიც სათავეს უძველესი დროიდან იღებს. 

დიდი კაპიტანი

ობდულიო ვარელა, „შავი ბელადი“, დიდი გუნდის დიდი კაპიტანი! მარაკანა ალსიდეს ჩიჯიამ დაადუმა, მაგრამ, როგორც გადმოცემით ვიცით, ის ლეგენდარული თამაში ობდულიო ვარელამ მოიგო. მას ჰქონდა სხვისი შთაგონებისა და მოტივირების უნარი, სათამაშო სტილით პატრიკ ვიეირას ჰგავდა, ხასიათით როი კინს, მათსავით საყრდენი ნახევარმცველი იყო და კედელივით იდგა ურუგვაელთა დაცვის წინ. კარიერის დასაწყისში ცენტრალური მცველი ყოფილა, მერე კიდევ ერთი კარგი უნარი აღმოაჩნდა, თურმე, შორიდან ტყვიასავით ურტყამდა, მაგრამ ბეკენბაუერის ან ჩივაძის მსგავსი დრიბლინგი არ ჰქონია, ამიტომ ოდნავ წინ აწიეს, რომ მის დარტყმებს სარგებელი მოეტანა და 1954 წელს მოიტანა კიდეც, ინგლისის ნაკრებთან გაისროლა შორი მანძილიდან.

ურუგვაის ეროვნულმა გმირმა თამაში დეპორტივო ჟუვენტუდეში დაიწყო, მთავარი ლიგიდან შორს, მაგრამ სულ რაღაც ორიოდ წელიწადში მთავარ ლიგაში აღმოჩნდა, მონტევიდეოს შემადგენლობაში, საიდანაც პირველად მიიწვიეს ურუგვაის ნაკრებში, შემდეგ კი პენიაროლში გადაბარგდა, სადაც კარიერის პიკს მიაღწია. 

კლუბსაც უკაპიტნა, ლიდერის თვისებებით ყოველთვის გამოირჩეოდა და კაპიტნის სამკლავური მისთვის მუდმივ ატრიბუტად იქცა. 1945 წელს რივერ პლეიტის წინააღმდეგ გამოარჩიეს, კლუბის პრეზიდენტმა წარმატებული თამაშის შემდეგ, პენიაროლის ფეხბურთელებს 250 პესო გადაუხადა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს, ობდულიო ვარელას კი 500 პესო შესთავაზა, მაგრამ კაპიტანმა იუარა, – „ან ყველა აიღებს 500 პესოს, ან მეც 250-ს დავჯერდებიო“, – აი, ასე, ცოტნე დადიანივით შემოიხია პენიაროლის მაისური. 

1950 წლის ფინალში თავის პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდა, ცენტრალურ მცველად ითამაშა, სხვაგვარად არ გამოვიდოდა, ბრაზილიელები ისე მარტივად და ლამაზად იგებდნენ, რომ მათ შესაჩერებლად რაიმე განსაკუთრებული იყო საჭირო, ობდულიო კი ნამდვილად განსაკუთრებული ვინმე იყო. იმისათვის, რომ ბოლომდე გავიგოთ, რა დონის ნაკრები შეაჩერა ვარელამ, საკმარისია ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის კონტექსტს გავეცნოთ, ბევრმა არ იცის, რომ ბრაზილიას ფრეც აძლევდა ხელს, რადგან ჩემპიონები ქულების მიხედვით ხდებოდნენ, ჯგუფში ოთხი გუნდი იყო – მასპინძელი ბრაზილია, ურუგვაი, შვედეთი და ესპანეთი. ბრაზილიის ნაკრებმა ესპანეთი 6:1 დაამარცხა, ხოლო შვედეთი 7:1, რა თქმა უნდა, ბოლო თამაშის წინ მასპინძლები უპირობო ფავორიტის რანგში იყვნენ, მით უმეტეს, რომ ყაიმიც აძლევდათ ხელს, ეს ალბათ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი სენსაციაა, თუმცა, „შავი ბელადი“ არ თვლიდა, რომ მათი დამარცხება შეუძლებელი იყო, შესაბამისად, არც სენსაციად აღიქვამდა, ობდულიო ვარელასთვის გამარჯვება ცხოვრების საზრისად იყო ქცეული, ამიტომ, მისთვის სიტყვა „შეუძლებელი“ არ არსებობდა, მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ მისი განწყობა მთელ გუნდს გადასდებოდა და, როგორც ვიცით, გადაედო კიდეც. 

შედარებისთვის, ურუგვაიმ ესპანეთთან 2:2 ითამაშა, ხოლო შვედეთი 3:2 დაამარცხა, ის მესამე გოლიც 85-ე წუთზე შეაგდეს, ასე წვალებ-წვალებით შეინარჩუნეს ჩემპიონობის შანსი, მაშინ როცა ბრაზილიამ ქარიშხალივით გადაუარა ყველას და ყველაფერს. ასე რომ, დასკვნითი ტურის წინ, გუნდებს შორის სხვაობა ძალიან დიდი ჩანდა. 

ურუგვაი ორ გიგანტ მეზობელთან შედარებით პატარა ქვეყანაა და იჩაგრებოდა კიდეც ეკონომიკური და სოციალური პირობებით, ყოველთვის ბრძოლა უწევდა მონსტრებისგან მონარჩენი ლუკმისათვის, ამ საბრძოლო სულისკვეთებას კი ურუგვაიში „გარა ჩარუას“ უწოდებენ, ეს სიტყვა ძველი ინდიელი ტომებიდან, კერძოდ, ჩარუას ტომიდან მოდის, ჩარუას ტომი ამჟამინდელი ურუგვაის ტერიტორიაზე ბინადრობდა, მათ ბრაზილიისა და არგენტინის მცირე ნაწილიც ეკავათ, ბევრი ცნობები არ გაგვაჩნია, მხოლოდ ის არის ცნობილი, რაც ესპანელმა კოლონიზატორებმა შემოგვინახეს. 

მაგალითად, იეზუიტი პედრო ლოზანო წერს, რომ ჩარუელები დაადანაშაულეს ესპანელი მოგზაურის, ხუან დიას დე სოლიასის მკვლელობაში, როცა ის რიო დე ლა პლატაში იმყოფებოდა, 1515 წელს. ეს გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა, რადგან მიიჩნიეს, რომ ჩარუელები ესპანელი კოლონიზატორებისათვის წინააღმდეგობის გაწევას აპირებდნენ, ასეც იყო, ჩარუელები ებრძოდნენ ყველას თავიანთ გარშემო, მხოლოდ იმისათვის, რომ საკუთარი მიწა და პირობები შეენარჩუნებინათ, ებრძოდნენ გაცილებით ძლიერ და მრავალრიცხოვან მტრებს, მე-19 საუკუნეში კი ღალატის მსხვერპლნი გახდნენ, ურუგვაის პრეზიდენტის, ფრუქტუოზო რივერას მიერ. ჩარუელებმა გამოიარეს შევიწროება და გენოციდი, ამჟამად, კვლევების მიხედვით, მათი შთამომავლების რაოდენობა ურუგვაის, არგენტინისა და ბრაზილიის ტერიტორიაზე, დაახლოებით, სამასი ათას ადამიანს შეადგენს.  

აქედან იღებს სათავეს ურუგვაული ფეხბურთის ფილოსოფია, სუსტის ბრძოლა ძლიერის წინააღმდეგ, სულისკვეთება, რომელიც არაფრად დაგიდევთ მოწინააღმდეგის ძალას. 

ეს არის ის, რაც გვამოძრავებს, ამის ახსნა ძალიან გაჭირდება მათთვის, ვინც ურუგვაელი არ არის, ჩვენ ამასთან ერთად ვიზრდებით, ასე ვგრძნობთ ეროვნული ნაკრების მაისურს, ასე ვთამაშობდით ფეხბურთს ეზოში, „გარა ჩარუაყველა ურუგვაელის ნაწილია, ამას უბრალოდ ვერ ავხსნი, – ამბობს ლუკას ტორეირა. 

მეორე მხრივ, დიეგო გოდინისათვის, „გარა ჩარუას“ საუკეთესო მაგალითი ლუის სუარესია: ის გამუდმებით იბრძვის, ჩხუბობს, კამათობს, უმცირესი დეტალიც კი მნიშვნელოვანია, თუნდაც იცოდეს, რომ მართალი არ არის, მაინც საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს, „გარა ჩარუასფილოსოფიის გარეშე, ის ასეთი არ იქნებოდა“.

გარა ჩარუა არის ის, რისიც გვეამაყება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საერთოდ არ ესმის, რაზე ვსაუბრობთ, – ამბობს დიეგო ფორლანი, – ეს ჰგავს შემთხვევას, როცა ყველაფერი გაიღე და ვეღარ სუნთქავ, მაგრამ გრძნობ, რომ მეტი შეგიძლია“. 

გაგვახსენდება ლუის სუარესის პასუხი ანტუან გრიზმანის მიმართ, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ „ბარსელონაში“ თანაგუნდელები გახდებოდნენ, ანტუანმა თბილად ისაუბრა ურუგვაიზე, მათი ნაკრების ფორმაც მოირგო, თქვა, რომ ურუგვაი მისი მეორე სამშობლოა და ზუსტად ისეთი ხასიათი აქვს, როგორიც ურუგვაელებს.

სუარესმა კი მოკლედ გასცა პასუხი – წარმოდგენაც არ გაქვს, რას ნიშნავს იყო ურუგვაელი“. უხეში პასუხია, მაგრამ სამართლიანი, არათუ გრიზმანი, ყველა სხვა ფეხბურთელიც ძალიან შორს არის მათი ფილოსოფიისგან.  

Garra ესპანურად მტაცებელი ფრინველის კლანჭს ნიშნავს, „Garra Charrua“ არის ჩარუას კლანჭი, ჩარუას ძალა, ძველი ტომების საბრძოლო იარაღი, კლანჭს კი ერთი გამორჩეული თვისება აქვს, ერთხელ თუ ჩაგავლო, არასდროს აღარ გაგიშვებს, ასე ჩაავლო „შავმა ბელადმა“ ბრაზილიას და იქამდე არ გაუშვა, სანამ ოქრო სახლში არ წაიღო. 

ურუგვაი უძლიერესი გუნდი იყო, რომელმაც საფეხბურთო კულტურა შეინარჩუნა, ავსტრიული და უნგრული „ოცნების გუნდებივით“ არ გამქრალა საფეხბურთო რუკიდან, მართალია, მუნდიალი დიდი ხანია აღარ მოუგია, მაგრამ კოპა ამერიკის რეკორდსმენია მოპოვებული ტიტულების მიხედვით. თუ ავსტრიასა და მათ ლიდერს, მატიას ზინდელარს, იგივე „ქაღალდის კაცს“, დიდების მიღწევაში ხელი ფაშისტურმა რეჟიმმა შეუშალა და უნგრული ზღაპარიც პოლიტიკურსა და სოციალურ პროცესებს შეეწირა, ურუგვაიმ მოახერხა და დღემდე შენარჩუნებული აქვს საფეხბურთო ფილოსოფია, რომელსაც სწორედ „გარა ჩარუა“ წარმოადგენს. რომ არა ეს მამოძრავებელი ძალა, მათი დიდებაც ისევე გაქრებოდა, როგორც უნგრული ფეხბურთი გაქრა, მშვენივრად ითამაშეს უნგრელებმა პორტუგალიასთან, მაგრამ ჰგავს შალაი, ან სალაი, ფერენც პუშკაშს? კოშიჩს, ანდაც კუბალას?! არა, არაფრით. 

ურუგვაის დიდება ჯერ კიდევ ოლიმპიადიდან იწყება, რომელიც მთავარი საფეხბურთო ტურნირი იყო, ერთგვარი მსოფლიო ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატამდე. 1924 და 1928 წლებში იზეიმეს ოქროს მოგება, ორ წელიწადში კი ტრადიციულმა მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი, სადაც ასევე მათ იმარჯვეს. აქ კი წყდება პირველი ხაზი, რადგან მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატებს ურუგვაელებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, მაშინ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდნენ, რომ მუნდიალის ბოიკოტი, უბრალოდ, არ ღირს, ამით საკუთარ ისტორიას უდიდესი დარტყმა მიაყენეს, რადგან 1934-შიც და 1938-შიც მთავარი ფავორიტები იქნებოდნენ. ვინ იცის, ახლა რამდენი თასი იქნებოდა მათ ანგარიშზე. მომდევნო ორი მსოფლიო ჩემპიონატი არ ჩატარდა, მსოფლიო იმპერიები საქმის გარჩევით იყვნენ დაკავებულნი, რაც მსოფლიო ომში გადაიზარდა, ამან უამრავი ცვლილება მოიტანა, მაგრამ რაღაც მაინც ვერ შეცვალა – ომისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ, ურუგვაიმ პირველივე მუნდიალი მოიგო. 

ფინალის მთავარი ამბავი კი ასე დაიწყო, მატჩის წინ, გაზეთ O Mundo-ში დაიბეჭდა ბრაზილიის ნაკრების ფოტო, სათაურით – „მიესალმეთ ჩემპიონებს“. რიოში, ურუგვაის კონსულმა, მანუელ კაბალერომ გაზეთის ოცი ეგზემპლარი შეიძინა, გაემართა ოტელისკენ, სადაც მისი გუნდი იყო განთავსებული, გაზეთები ფეხბურთელების ფეხებთან დაყარა და თქვა: გისამძიმრებთ, მეგობრებო, როგორც ჩანს, უკვე დამარცხდით“. 

ფეხბურთელებმა გაზეთების დახევა მოისურვეს, მაგრამ კაპიტანმა ამის უფლება არ მისცა, უბრალოდ აკრიფა და ტუალეტში გაიტანა. როგორც უხუცესი ურუგვაელები ჰყვებიან, ამის შემდეგ, სამოტივაციო სიტყვაც კი აღარ ყოფილა საჭირო. 

ურუგვაელებს მარაკანაზე 200 000-იანი ჯუნგლები დახვდათ, მაგრამ პატარა ქვეყნის შვილები ხშირად ყოფილან ალყაში, ისინი, სწორედ ასეთ ისტორიებზე იზრდებოდნენ, თუ როგორ გადარჩნენ ალყაში მოქცეულები, ზევით არ აიხედოთ, ტრიბუნებს არ შეხედოთ, თამაში მინდორზე მიდის, – უთხრა ვარელამ თანაგუნდელებს იქამდე, სანამ მოედანზე შეაბიჯებდნენ. 

ამბობენ, FIFA-ს იმჟამინდელ პრეზიდენტს, ჟიულ რიმეს უკვე მომზადებული ჰქონდა ბრაზილიელთათვის მისალოცი ტექსტიო, თამაშის შემდეგ კი ობდულიოს ეძებდა, მისთვის როგორმე თასი რომ გადაეცა. ზეიმის დრო არ იყო, ობდულიოს თასი ისე გადავეცი, რომ არავის დაენახა, შემზარავი სიჩუმე იყო ჩამოწოლილი, ავის მომასწავებელი, ამის ატანა ბრაზილიელთათვის ძალიან მძიმე იყო“, – იხსენებდა ჟიულ რიმე. 

მერე კი იყო რაღაც ქართულს მიმსგავსებული ამბავიც, ვარელამ ტრიუმფის შემდეგ, 1951 წელს, ახალი ფორდი იყიდა, რომელიც ერთ კვირაში მოჰპარეს. როგორც ძველი თაობის ფეხბურთელებს სჩვეოდათ, ობდულიომაც მოკრძალებულად იცხოვრა და 1996 წელს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.