ევროპული ფეხბურთის დომინაცია – საფეხბურთო მსოფლიო ევროპის გარშემო ტრიალებს

ევროპული ფეხბურთის დომინაცია – საფეხბურთო მსოფლიო ევროპის გარშემო ტრიალებს

1996 წელს, როცა ინგილსის ნაკრები ძალიან ახლოს მივიდა ევროპის ჩემპიონატის ტიტულამდე, ინგლისელმა ანალიტიკოსებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ მათ გუნდს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოეგო ტიტული, რადგან დრო ამის საშუალებას აღარ მისცემდათ. 

ანალიტიკოსებმა იგულისხმეს სხვა კონტინენტების გამოფხიზლება და ახალი ძალების გამოჩენა თანამედროვე ფეხბურთში. დეკადის დასაწყისში კამერუნის ნაკრები 90 წლის მუნდიალზე მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო 96-ში საუთგეიტის გაცუდებული პენალტის პარალელურად, ნიგერიის ნაკრებმა ოლიმპიადა მოიგო, ასე იქცა 90-იანები აფრიკული ფეხბურთის ზეობის ხანად, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ამავე პერიოდში აიღო ოქროს ბურთი ჟორჟ ვეამ, რომელმაც დაანგრია მითი იმის შესახებ, რომ აფრიკელებს ინდივიდუალური ტიტულების გამოკითხვაში მხარს არ უჭერდნენ. 

1994 წელს აშშ-მა საფუძველი ჩაუყარა სოკერის განვითარებას, ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით დაიწყო, მას შემდეგ ამერიკელები რესურსებს არ ზოგავენ, რომ ისეთივე წარმატებულები გახდნენ სპორტის ამ სახეობაში, როგორც ოლიმპიურ თამაშებში არიან. 

2000-იანების დასაწყისში იგივე პროცესები დაიწყო აზიაში, კორეა-იაპონიის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთის პოპულარობა გაიზარდა, თან იმდენად, რომ ევროპული ჩემპიონატების ტრანსლირების დრო მათ საეთერო ბადეს მოარგეს, გამოჩნდა ჩინეთი ძალიან დიდი ფინანსური ინვესტიციებით და არაბი შეიხები, რომლებიც აგრესიულად შემოიჭრნენ ევროპულ ფეხბურთში. კარგი პერიოდი ჰქონდა ავსტრალიას, რომელიც სტაბილურად ამარაგებდა პრემიერ ლიგას ფეხბურთელებით. 

ინგლისი კვლავ იყო მოწინავე ნაკრებებს შორის, მაგრამ ერთგზის მსოფლიო ჩემპიონს არ ჰქონდა გარანტირებული ადგილი გრანდებს შორის და ანალიტიკოსების პროგნოზმა 15 წლის შემდეგ ნაწილობრივ იჩინა თავი. 

აშშ და მექსიკა კარგად გამოვიდნენ 2010 წლის მუნდიალზე, პლეიოფები ითამაშეს და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვეს. სამხრეთ ამერიკაში გამოჩნდნენ ჩილე, ურუგვაი და კოლუმბია, რომლებიც ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებთან ერთად ძლიერ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდნენ, ხოლო აფრიკიდან ვიხილეთ განა, რომელიც ძალიან ახლოს იყო ნახევარფინალთან, მაგრამ ლუის სუარესის ხელბურთის შემდეგ ისტორიულ ნიშნულს ვერ მიაღწია. 

ახლა კი ეს ნაკრებები თითქოს გაქრნენ. 

აშშ ისევ უკან წავიდა, რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე საერთოდ ვერ მოხვდნენ, არადა მიიჩნევა, რომ საუკეთესო თაობა ჰყავთ. როგორც ჩანს, აშშ-ში სოკერი ისევ რჩება ქალების სპორტად, რადგან ქალთა ნაკრები სტაბილურად წარმატებულია. 

რუსეთის ჩემპიონატზე ძალიან კარგად ითამაშა იაპონიამ, მაგრამ დრამატულად დამარცხდა ბელგიასთან, სხვა აზიურ ნაკრებებს განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. შესამჩნევი რეგრესი აქვს აფრიკის კონტინენტს, რადგან 1982 წლის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ ბებერი კონტინენტის არცერთ ნაკრებს პლეიოფში არ უთამაშია. რეგრესის გზას ადგას ავსტრალია და სამხრეთამერიკული ტრიოც ისევ ჩამორჩა ორ დომინანტ ნაკრებს, რისი ილუსტრაციაც მცირე ხნის წინ დასრულებული კოპა ამერიკაა. 

ევროპა ახლა ისეთი დომინანტია მსოფლიო ფეხბურთში, როგორც არასდროს! 

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში ექვსი ევროპული გუნდი ვიხილეთ, ნახევარფინალში კი ოთხივე ევროპული იყო. ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ კი მათ დომინაციას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რადგან სხვა ჩემპიონატებთან შედარებით გაცილებით სანახაობრივი გამოდგა. 

გასათვალისწინებელია გუნდების მრავალფეროვნებაც, მაგალითად, ევრო 2020-ზე ნახევარფინალში ვიხილეთ ინგლისი, იტალია, დანია და ესპანეთი, ხოლო ხუთი წლის წინ ჩატარებულ ევროზე სულ სხვა ნახევარფინალისტები გვყავდა – საფრანგეთი, პორტუგალია, უელსი და გერმანია, ამას დავუმატოთ ორი გუნდი 2018 წლის მუნდიალიდან – ბელგია და ხორვატია. ათი სხვადასხვა ევროპული გუნდი დიდი ტურნირის გადამწყვეტ ეტაპზე! სულ რაღაც ხუთწლიან მონაკვეთში, ეს შედეგი ყველაფერზე მეტყველებს.

დომინაცია გრძელდება იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლები უკვე ყველა კონტინენტიდან გვყავს, არადა, პირველი 16 ჩემპიონატიდან ცხრას ევროპელებმა უმასპინძლეს, რუსეთს ევროპის ნაწილად ვერ ჩავთვლით, ამიტომ, გამოდის, რომ 2006 წლიდან მოყოლებული დიდი პაუზაა და მხოლოდ 2030 წელს შეძლებს ევროპის კონტინენტი ჩემპიონატის მასპინძლობას. 

ევროპა ყველაზე დიდი წილით არის მუნდიალზე წარმოდგენილი, მაგრამ FIFA გაფართოებას გეგმავს, კატარის 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს კიდევ 16 გუნდი დაემატება, მაგრამ ამ 16-დან ევროპას მხოლოდ დამატებითი სამი ადგილი ერგება. 1990 წელს, ევროპის წილი 58% იყო, მომდევნო ჩემპიონატზე – 41%, ხოლო კატარის ჩემპიონატის შემდეგ ევროპის წილი 33%-მდე შემცირდება. 

ევროპა ყველაზე დიდი წილით არის მუნდიალზე წარმოდგენილი, მაგრამ FIFA გაფართოებას გეგმავს, კატარის 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს კიდევ 16 გუნდი დაემატება, მაგრამ ამ 16-დან ევროპას მხოლოდ დამატებითი სამი ადგილი ერგება. 1990 წელს, ევროპის წილი 58% იყო, მომდევნო ჩემპიონატზე – 41%, ხოლო კატარის ჩემპიონატის შემდეგ ევროპის წილი 33%-მდე შემცირდება. 

FIFA-სთან ერთად ჩემპიონატის გაფართოებას UEFA-ც განიხილავს, ევროპის ჩემპიონატი დაარსების დღიდან ფართოვდება, იყო დრო, როცა მხოლოდ ოთხი გუნდი იბრძოდა ფინალურ ეტაპზე, შემდეგ რვა, თქვსმეტი, ოცდაოთხი და ახლა მიდის მუშაობა, რომ 32 გუნდი ვიხილოთ ევროზე, ამ ყველაფერს ისიც შეუწყობს ხელს, რომ ევრო 2020-მა ძალიან კარგად ჩაიარა, ბევრი მაღალი დონის თამაში ვიხილეთ და მაყურებელი კმაყოფილი დარჩა. დღევანდელი მონაცემებით შეგვიძლია დამატებითი რვა გუნდი ვივარაუდოთ: სერბეთი, სლოვენია, ირლანდია, ისლანდია, ჩრდილოეთი ირლანდია, ნორვეგია, კოსოვო და საბერძნეთი. რა თქმა უნდა, ფურცელზე ყველა უფრო ძლიერია, ვიდრე ერთა ლიგიდან მოხვედრილი მაკედონია, ყველას სურს ჰოლანდისა და ოდეგაარის ხილვა ფინალურ ეტაპზე, მაგრამ UEFA დაბალი რანგის გუნდებსაც აძლევს შანსს, რაც მათ მოტივაციას მაქსიმალურად ზრდის, თანაც საუბარია მხოლოდ ერთ ადგილზე. 

ევროპა გამოირჩა ორგანიზებულობით და გუნდურობით, ბოლომდე არავინ იცოდა, თუ ვინ გახდებოდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბევრისთვის მოულოდნელად დონარუმა დასახელდა. პარალელურად კი ინდივიდების ბრძოლა იყო სამხრეთ ამერიკაში, სადაც მესისა და ნეიმარის ორთაბრძოლაში არგენტინელმა იმარჯვა. 

ტურნირების შედარება კი არ ღირს, რადგან ხარისხის თვალსაზრისით სხვაობა შესამჩნევი იყო, განსაკუთრებით ტემპის თვალსაზრისით. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანახაობისა და ხარისხის შესანარჩუნებლად ორი მთავარი ფაქტორი გამოიკვეთა – გულშემატკივარი სტადიონზე და კონკურენცია მოედანზე. როცა ეს ორი ფაქტორი შენარჩუნებულია, სანახაობა გარანტირებულია.