ჰოლგერ რუნე პარიზის მასტერსის გამარჯვებულია

holger rune da novak jokovichi | parizis mastersis finali

პარიზის მასტერსის 50-ე საიუბილეო გამოშვება სანახაობრივი და დაძაბული აღმოჩნდა. 19 წლის ახალდაბადებულმა ვარსკვლავმა ჰოლგერ ვიტუს ნოდსკოვ რუნემ დაუვიწყარი კვირა ჩაატარა, რომელიც ფინალურ შეხვედრაში, თვით ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხებით დაგვირგვინდა.

დანიელი ტალანტისთვის არც ფინალისკენ მიმავალი გზა ყოფილა იოლი: იყო გადარჩენილი მატჩპოინტი სტენ ვავრინკასთან, გადარჩენილი სეტპოინტები ანდრეი რუბლიოვთან, სადებიუტო გამარჯვება რეიტინგის პირველ ნომერის, კარლოს ალკარასის წინააღმდეგ და ასევე, დამაჯერებელი მოგებები ჰუბერტ ჰურკაჩთან და ფელიქს ოჟე-ალიასიმთან.

17-წუთიანი გეიმი

ჰოლგერ რუნე ფინალში ჯოკოვიჩის წინააღმდეგ საოცარი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩა და მატჩის შემოატრიალება წაგებული სეტის შემდეგ შეძლო. გარდამტეხი მომენტი იყო მეორე სეტის სტარტი, სადაც დანიელმა სამმაგი ბრეიქპოინტი იხსნა, რომლის შემდგომ გეიმშიც მეტოქე თავად გატეხა. მკვეთრად გამოასწორა ჩაწოდება პირველი სეტის შემდეგ, სადაც აშკარად ემჩნეოდა ნერვიულობა. ნოვაკს გადამწყვეტი სეტი ბრეიკით მიჰყავდა, თუმცა რუნესთვის არც აქედან დაბრუნება აღმოჩნდა ამოუხსნელი ამოცანა. საბოლოოდ, შეხვედრა 17-წუთიანი გეიმით დააგვირგვინა.

ბრწყინვალე და სტაბილური ჩაწოდების გარდა, რუნეს მისი მტკიცე უკანახაზური დარტყმებიც გამოარჩევს. მისი მიღება ტურში უკვე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გახდა, განსაკუთრებით დამაზიანებელია ბექჰენდიდან. რაც ყველაზე მთავარია, რუნე თავისი ჩრდილოური, ვიკინგური სულისკვეთების წყალობით, საოცრად აგრესიულ და ცივსისხლიან ჩოგბურთს თამაშობს. პარიზის მასტერსზე მისი უზარმაზარი პროგრესი ყველაზე ნათლად გამოჩნდა. ასევე, ფინალის შემდეგ რუნეს ფსიქოლოგიური მზაობით აღფრთოვანება ვერ დამალა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

ჰოლგერ რუნე, რომელმაც პარიზის მასტერსზე პირველად იასპარეზა, ტურნირის ისტორიაში ბორის ბეკერის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. ასევე ის აფიქსირებს ATP რეიტინგში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს და უკვე ათეულში შევიდა. მაშინ, როცა 2021 წლის სტარტზე, ტოპ 400-ს მიღმა იყო.

დედის ფაქტორი

19 წლის ამომავალი ვარსკვლავის წარმატებაში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის დედამისს, ანეკე რუნეს და მის ბავშვობისდროინდელ მწვრთნელს, ლარს კრისტენსენს. სწორედ დედამ შეაყვარა ჩოგბურთი ჰოლგერს, ლარსი კი ყველაზე უკეთ იცნობს მის საჩოგბურთო უნარებს. 2016 წლიდან რუნე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო აკადემიის, პატრიკ მურატოღლუს კლუბის წევრია. ბოლო რამდენიმე თვეა მურატოღლუ უშუალოდ ჩაერთო რუნეს მომზადებაში და დედასთან და ლარს კრისტენსენთან ერთად დაყვება ყველა ტურნირზე. თავად ჰოლგერის თქმით, მათი გვერდით ყოფნა უდიდეს როლს ასრულებს.

რუნესთვის წლევანდელი სეზონი ოფიციალურად დასრულებულია, ის Next Gen-ის შემაჯამებელზე მონაწილეობას აღარ მიიღებს. თუმცა გაემგზავრება ტურინში, სადაც დიდების ტურის ფინალებზე პირველი ალტერნატივა იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ რომელიმე მონაწილის დაშავების და მოხსნის შემთხვევაში, ასპარეზობას სწორედ დანიელი გააგრძელებს.