მსოფლიო ჩემპიონატი ქატარში და The Last Dance

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 21 ნოემბერს აიღებს სტარტს და 18 დეკემბერს ფინალური მატჩით დასრულდება. ექსპერიმენტულ ჩემპიონატს კატარი უმასპინძლებს. კალენდრის ცვლილებას აქვს თავის უპირატესობები და ნაკლოანებები. „მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა კბილის ექიმთან წასვლას ჰგავს“, – ეს სიტყვები სერ ალექს ფერგიუსონს ეკუთვნის. მან იგულისხმა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გადაღლილი და გამოწურული ფეხბურთელების ტურნირად იქცა, სადაც მეტწილად ფრაგმენტულ ინდივიდუალურ გაბრწყინებას ვხედავთ, ვიდრე მაღალ დონეზე ჩატარებულ მატჩებს. დავა, რა თქმა უნდა, შეიძლება, თუმცა, ამჯერად ისეთ დროს აიღებს მუნდიალი სტარტს, რომ ფეხბურთელები გადაღლას ვერ მოასწრებენ, პირიქით, როცა ვარსკვლავები სასურველ ფორმას მიუახლოვდებიან, მაშინ მოირგებენ სანაკრებო ფორმას.

წესით და რიგით, ბოლო წლებში ტრადიციად ქცეული რეპეტიციაც უნდა გვენახა ამ ზაფხულს, მაგრამ, ჯერ კიდევ 2019 წელს გვამცნეს, რომ კონფედერაციის თასი არ ჩატარდებოდა. თუმცა, ეს ტრადიცია, რომ შენარჩუნებულიყო, ტურნირი მაინც არ შედგებოდა.

ჩავარდნილი რეპეტიცია

პანდემიის გავრეცელებამ პირველ რიგში საპლეიოფო მატჩების გადადება გამოიწვია, ამას ლოგიკურად მოჰყვა ევროპის ჩემპიონატის გადადება, შესაბამისად, ის ერთი წელი, რომელიც კონფედერაციის ჩემპიონატისთვის არის გამოყოფილი, ევროპის ჩემპიონატმა და კოპა ამერიკამ დაიკავეს, ამ ტურნირების გარეშე კი კონფედერაცია ვერ ჩატარდება, რადგან მინი-ტურნირზე კონტინენტის ჩემპიონებს უნდა მოეყარათ თავი.

რისთვის არის საჭირო კონფედერაციის ჩემპიონატი? ძალიან გონივრული ტურნირი იყო, გარდა იმისა, რომ წელი არ იკარგება სანაკრებო სანახაობის გარეშე, ერთგვარი რეპეტიციაა მსოფლიო ჩემპიონატამდე. ფიფას კომისია ყველაფერს ამოწმებს, – როგორ ხდება გულშემატკივრის განთავსება, როგორ მდგომარეობაშია სტადიონი, როგორ ემსახურებიან ტურისტებს, კომფორტულია თუ არა მგზავრობა, რა მანძილია აეროპორტიდან სასტუმრომდე და სასტუმროდან სტადიონამდე, ეს ყველაფერი აღინუსხება და იწერება მოხსენება, რომელიც მასპინძელი ქვეყნის ორგანიზატორებს წარედგინებათ, ერთი წელი კი საკმარისია შენიშვნების გასათვალისწინებლად. ახლა ეს ყველაფერი აღარ გამოვა, არადა, ყველაზე მეტად სწორედ ახლა იყო საჭირო.

ფიფამ ჯერ კიდევ 2019 წელს გაავრცელა განცხადება, რომ კონფედერაციის თასი აღარ ჩატარდებოდა. დიდი ხნით ადრე იცოდა ყველამ, რომ 2022 წელს მუნდიალს კატარი უმასპინძლებდა, ასევე, დიდი ხნით ადრე იცოდნენ, რომ კონფედერაციის თასის ჩატარება არ გამოვიოდა. გადავდოთ გვერდზე პანდემია, ფიფას წევრები ამას ვერ იწინასწარმეტყველებდნენ, აქ უკვე სულ სხვა მოტივები შემოდის.

პანდემიას რომ არ შეეშალა ხელი, ზაფხულში კონფედერაციის თასი ისედაც ვერ ჩატარდებოდა, კატარში არ შეიძლება ბურთი ზაფხულში გააგორო, თუ საკუთარი თავის მტერი არა ხარ, ნოემბერში კი არავინ გადადებდა შიდა ჩემპიონატებს კონფედერაციის თასის გამო. გამოდის, რომ ფიფას წევრებმა თავიდანვე იცოდნენ ამ სცენარის შესახებ, ამიტომ, ჩნდება ეჭვი რომ ეს ტურნირი, კარგი, გონივრული და ლამაზი ტურნირი, მხოლოდ კატარის მიზეზით გააუქმეს და არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის წინ კვლავ აღადგინონ.

თითქოს, კალენდარში ასეთი უხეში ჩარევა დიდი დაბრკოლება უნდა ყოფილიყო მასპინძელი ქვეყნისთვის, მაგრამ კატარმა მაინც მიაღწია საწადელს.

მოდი გავიხსენოთ, რა და როგორ მოხდა.

დასავლური სნობიზმი თუ კორუფცია

ბოიკოტის მცდელობები იყო, ეროვნული ნაკრებებიც კი იყვნენ პროტესტში ცართულნი, თუმცა, არაფერი გამოვიდა. კატარს თვიდან-თვემდე ვუახლოვდებით.

„90-იანებიდან მოყოლებული კატარი ცდილობს დიდი სპორტული ღონისძიებების მასპინძელი გახდეს, ვგულისხმობ საჩოგბურთო ტურნირებს, ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატს და ა.შ. ახლა ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯის ჯერი მოვიდა“, – ბენჯამინ ბესტი, სპორტული ჟურნალისტი და კატარის ექსპერტი.

ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, ქვეყანა დადებითად წარმოჩინდება და ფეხბურთის განვითარებაშიც შეაქვს თავის წილი, მაგრამ, კონტრარგუმენტად გვესმის, რომ კატარმა ჩემპიონატი იყიდა. ფიფას 22 წევრიდან, რომელიც მონაწილეობას იღებდა ხმის მიცემის პროცესში, მოვალეობის შესრულების უფლება შეუჩერდა 11-ს, მათ ნაწილს სამუდამოდ აეკრძალა ამ სფეროში მუშაობა, ან დაიწყო სამართლებლივი დევნა კორუფციის ბრალდებით.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ რუსეთმა და კატარმა ხმები იყიდეს. საინტერესო მსოფლიოში ვცხოვრობთ, ყვეალამ იცის, რომ მუნდიალის მასპინძლობა ნაყიდია, ერთი ნაყიდი მსოფლიო ჩემპიონატი უკვე ჩატარდა რუსეთში, არც პრეტენზია ჰქონია ვინმეს, რატომ გაიღო რუსეთმა ამხელა თანხა მასპინძლობისთვის ესეც ნათელია, ბოროტების იმპერია პოზიტიური იმიჯით უნდა შეფერილიყო და უნდა ითქვას, რომ ორგანიზება ძალიან მაღალ დონეზე გასწიეს, არც ისეთ უმსგავსობას ჰქონია ადგილი, როგორც კორეა-იაპონიაში ვიხილეთ, რუსეთმა თავისი გაიტანა და რა მოჰყვა ამ პროცესებს უკვე დღეს ვხედავთ, დასავლეთში ვერ დაიჯერეს, რომ ამ ქვეყანას სრულმასშტაბიანი ომის დაწყება შეეძლო, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მათზეც მოქმედებს.

„როგორ მოვიპოვეთ მასპინძლობის უფლება? პირდაპირ გეტყვით, მერწმუნეთ, ამას ყოველგვარი აროგანტულობის გარეშე ვიტყვი, – ჩვენ საუკეთესო შეთავაზება გავაკეთეთ“, – ამბობს ჰასან ალ-ჰავადი, კატარის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური მდივანი.

კარგად ჟღერს. მრავლისმთქმელია.

განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს, რომელთაც აქვთ არსებობის უფლება და მყარი არგუმენტებიც ისმის.

„მგონია, რომ საქმე გვაქვს დასავლურ სნობიზმთან, დასავლეთში ჰგონიათ, რომ არაბულ ქვეყნებში ტურნირი არ უნდა ჩატარდეს, რატომ? ჩვენ ვიცით, რომ ყველა სტადიონი იქნება ფანტასტიური, ყველა გაზონი იქნება იდეალური, ტრანსპორტი იქნება კარგად ორგანიზებული, რატომაც არა? მოდი ვუთხრათ არაბულ სამყაროს, რომ მათ შეუძლიათ უმასპინძლონ მსოფლიო ჩემპიონატს, – ამბობს მარკ მედოუსი, დოიჩე ველეს სპორტული ჟურნალისტი. ბენჯამინ ბესტის ბრალდებას ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ კი ასე პასუხობს, – დიახ, ადამიანის უფლებები ირღვევა, ისევე როგორც რუსეთში, მაგრამ მათ მშვენივრად უმასპინძლეს მუნდიალს“.

უნდა აღვნიშნოთ, რომ მედოუსი ასე ღიად ამ თემაზე ომის დაწყებამდე საუბრობდა. საინტერესოა, ახლა როგორი პოზიცია ექნება.

რაც შეეხება გარდაცვლილ მშენებლებს, კონკრეტული რიცხვების დასახელებაც შეგვიძლია, – „ბოლო 10 წელიწადში, მძიმე პირობებში მუშაობის გამო 15,000 მუშა მოკვდა კატარში. 70% ამ შემთხვევებისა გამოუძიებელია“, – ამბობს კატია მიულერ-ფალბუში, – Amnesty International-ის მკვლევარი.

დასავლური სნობიზმისა და ორმაგი სტანდარტების შესახებ მოსაზრებას აძლიერებს Spiegel-ში გამოქვეყნებული მასალა, სადაც ნათქვამია, რომ გერმანულმა მხარემ მასპინძლობის უფლება იყიდა, დამნაშავედ კი ადიდასის მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორი რობერტ-ლუი დრეიფუსი მიიჩნიეს.

Spiegel-ზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანული ფეხბურთის ბოსებმა იცოდნენ დრეიფუსის საქმიანობის შესახებ, მათ შორის, სატენდერო კომისიის ხელმძღვანელმა ფრანც ბეკენბაუერმა. თავის დროზე ბეკენბაუერმა Spiegel-ს არ უპასუხა, ისევე როგორც იმ წარმომადგენლებმა, რომელთაც გერმანული მხარის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი, რაც შეეხება დრეიფუსს, ის 2009 წელს გარდაიცვალა.

თუ ევროპული მხარეც ყიდულობს მასპინძლობის უფლებას? თუ ბოროტების იმპერია, რუსეთი ღიად ყიდულობს მასპინძლობის უფლებას, რატომ არ შეიძლება, რომ ეს არაბულმა მხარემაც გააკეთოს? ალბათ ეს კითხვა დაუსვეს არაბებმა საკუთარ თავს და შედეგად, ექსპერიმენტული, შემოდგომა-ზამთრის მსოფლიო ჩემპიონატსაც ვიხილავთ.

The Last Dance

მსგავსი კალენდარი ვეტერანი ფეხბურთელებისათვის უფრო მისაღები და კომფორტულია. მათ აღარ შეუძლიათ დამქანცველი სეზონის ბოლოს კიდევ ერთი ტურნირი ჩაატარონ, შუა სეზონში კი ყველაფერი შესაძლებელია. პირველ რიგში, მესისა და რონალდუზე უნდა ვთქვათ, თანამედროვე ფეხბურთის ორი ლეგენდა სავარაუდოდ უკანასკნელ მუნდიალს ჩაატარებს. რონალდუ 37 წლის ასაკში შეხვდება ჩემპიონატს, მესი 35-ის. ეს ის შემთხვევაა, როცა ორივეს ნაკრები მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს, მესის არგენტინა სკალონის ხელში საპლეიოფო გუნდად ჩამოყალიბდა, ეს ყველაზე ერთიანი და შეკრული გუნდია მესის ეპოქაში. სკალონის არგენტინის ნაკრები ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და რაც მთავარია, ამ გუნდმა იცის როგორ უნდა მოიგოს ფინალი. სწორედ სკალონი გახდა ის მწვრთნელი, რომლის ხელშიც მესიმ პირველი სანაკრებო ტიტული მოიგო, სულ მცირე ხანში კი აღდგენილი კონმებოლის თასი, ე.წ ფინალისიმაც მიაყოლა.

აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვქონდა, როცა ნაკრებში პირველ ნაბიჯებს დგამდა, მაშინ გუნდში ბევრი ვარსკვკავი იყო, მაგრამ თამაში მესიზე არ ეწყობოდა, გუნდი ერთიანი არ ყოფილა და მწვრთნელებიც ვერ ახერხებდნენ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას. შემდეგ იყო ერთგვარი გარდამავალი ეტაპი, როცა ბევრისთვის მოულოდნელად საბელიას არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, თუმცა, ერთხმად აღინიშნა, რომ არგენტინას ბოლო მუნდიალების ისტორიაში ყველაზე მარტივი ბადე შეხვდა. წაგებული ფინალების ტრადიცია მომდევნო წლებში გაგრძელდა, მესი ნაკრებიდანაც კი წავიდა, შემდეგ დაბრუნდა, გუნდი მუნდიალზე გაიყვანა და ახალი ეტაპი დაიწყო, ჯერ კიდევ სამპაოლის მწვრთნელობის დროს, მესიმ აღნიშნა, რომ არგენტინა მზად არ იყო, ის ყოველთვის პრაგმატულად აფასებდა გუნდის შანსებს, ახლა კი დანამდვილებით იცის, რომ ამ გუნდს, რეალურად შეუძლია ჩემპიონობა. თითქმის ყველა შიდა დაბრკოლება გადალახულია, არგენტინა ეტაპობრივად იზრდება და დიდი წარმატებისთვის ემზადება.

რთული გზა განვლო რონალდუმაც, დაიწყო ფიგუსა და დეკუსთან ერთად, გააგრძელა თავისივე თაობის გამორჩეულ ფეხბურთელებთან, რომლებმაც მხარი ვერ აუბეს, ვერც კვარესმა ჩამოყალიბდა ვარსკვლავად და ვერც ნანი, თუ 1-2 მაღალ დონეზე ჩატარებულ სეზონს არ ჩავთვლით. ისეთი პერიოდიც ყოფილა, როცა პორტუგალიას ძალიან მაღალი დონის დაცვა ჰყოლია და შეტევაში რონალდუს მხარს ვერავინ უბამდა, 2010 წლის მუნდიალი და 2012 წლის ევრო შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ, ორივეჯერ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდნენ, ერთხელ მინიმალური სხვაობით, მეორედ კი თერთმეტმეტრიანების სერიაში.

მერე იყო მოულოდნელად მოგებული ევრო 2016, იმ წელს ევროზე პირველად დაუშვეს გუნდების მესამე ადგილიდან გასვლა ჯგუფიდან, პორტუგალიაც მესამე ადგილით გავიდა და ფინალამდე მივიდა, სადაც მასპინძელ საფრანგეთს ყარაულის თოფივით გავარდნილი გოლით მოუგეს. ჰგავდა რაღაცით ეს ამბავი ევრო 2004-ს, რონალდუ ტიროდა 2004-ში, და ტიროდა 2016-შიც, თანაბრად ატირა მწუხარებამ და სიხარულმა.

ახლა გვერდს უმაღლესი დონის ფეხბურთელები უმშვენებენ, რომლებიც პრემიერ ლიგის გიგანტებში გამოდიან, – დიაში, კანსელო და ბერნარდო სილვა მანჩესტერ სიტის შეუცვლელი ფიგურები არიან, ბრუნო ფერნანდეში იუნაიტედის ლიდერად ჩამოყალიბდა, დიეგუ ჟოტა კი იმაზე კარგი ფეხბურთელი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრს ეგონა. რაფაელ ლეაუ და ჟოაუ ფელიში, დესანტი ახალი თაობიდან, ორივეს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ, გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების იდეალური სინთეზია. პორტუგალია ნამდვილი თანავარსკვლავედია, რთული სათქმელია ბოლოს როდის ჰყავდათ ასეთი დაბალანსებული ნაკრები.

სტარტამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, ეს უკვე დიდი სამზადისია.

წინ გველის The Last Dance – ორი ფეხბურთელისთვის. ერთგვარი გამოსათხოვარი მუნდიალი. თუ გზაზე ერთმანეთს გადაეყარნენ წარმოუდგენელ სანახაობას ვიხილავთ.

გამოყენებული მასალა

Spiegel International

Deutsche Welle

Dailymail