მატჩი მშვიდობისთვის – არველაძის დუბლი

მატჩი მშვიდობისთვის | თეთრების გუნდი

რომში საქველმოქმედო მატჩი გაიმართა. იტალიის დედაქალაქში თავი ფეხბურთის ვარსკვლავებმა მოიყარეს. რომის პაპის საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული შეხვედრა მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას ემსახურება. სტადიო ოლიმპიკოზე იტალიელი ვეტერანების, სერია A-ს მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელების გარდა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმაც მიიღეს მონაწილეობა.

მატჩში შოთა არველაძემაც ითამაშა. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა თავი დუბლით გამოიჩინა. ორივე შემთხვევაში მას საგოლე გადაცემა ბულგარული ფეხბურთის ლეგენდამ, ჰრისტო სტოიჩკოვმა მისცა.

საბოლოოდ შეხვედრა 3-4 ლურჯების გამარჯვებით დასრულდა, რომელთან ჯანლუკა ძამბროტა წვრთნიდა. თეთრებიდან(მწვრთნელი – ჯანლუიჯი ბუფონი) არველაძის დუბლს ერთი გოლი უგო ალმეიდამ დაამატა, ლურჯებიდან კი დუბლი ანდრიი ვორონინმა გაიფორმა, თითო გოლი კი ანტონიო დი ნატალესა და ვინჩენცო იაკინტას ანგარიშზე იყო. საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობა რონალდინიომ, კანდელამ, კლოზემ, ბურდისომ, ჩირო ფერარამ, დი ბიაჯომ, კანიჯამ, მხითარიანმა, პეროტიმ, პერეირამ და დიეგო მარადონა უმცროსმა მიიღეს.

სტადიო ოლიმპიკოზე შეკრებილ პუბლიკასა და ტელე-აუდიტორიას რომის პაპმაც მიმართა. პონტიფიკოსმა ვეტერან ფეხბურთელებს უსასყიდლოდ თამაშისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიმედოვნებ, რომ ამ სტადიონზე, ამ მატჩისთვის, ჩვენ ძმურად, უსასყიდლოდ თამაშის მომსწრენი კიდევ ერთხელ გავხდებით. გმადლობთ, მშვიდობისთვის გამართულ ამ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, რომელიც ყველა ქვეყანას მოიცავს, ისეთებსაც კი, სადაც ფეხბურთი არც თუ ისე პოპულარულია. ვიმედოვნებ, რომ ყველა საკუთარ წვლილს და მის მოცულობას აღმოაჩენს. მე თქვენთვის ვლოცულობ, გააკეთეთ იგივე ჩემთვის

რომის პაპი ფრანცისკე

 საქველმოქმედო მატჩიდან, რომელშიც წინა ორ ჯერზე დიეგო მარადონა კაპიტნის რანგში იყო მოედანზე, შემოსული თანხა პონტიფიკოსის საქველმოქმედო ორგანიზაციისა და წმინდა საყდრის თავისუფალ პროგრამებში ჩართულ ბენეფიციარებს მოხმარდებათ.