FIFA ნაკრებებს: “ფეხბურთზე კონცენტრირდით”

FIFA მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეებს ფეხბურთზე კონცენტრირებისკენ მოუწოდებს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გაგზავნილ 32 წერილში ირიბად, სხვადასხვა კამპანიებისა და პროტესტისგან თავშეკავებისკენ მოწოდება იკითხება. პოტენციური პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი კი მასპინძელი ქვეყანა და მისი კანონმდებლობაა, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს რიგ საკითხებში ეწინააღმდეგება. ამას გარდა, კატარში 2010 წლიდან მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, უსაფრთხოებისა და სხვა პირობების არასათანადოდ დაცვის გამო, 6500 იმიგრანტის სიცოცხლე შეეწირა.

ამის გამო მსოფლიო ფეხბურთმა უკვე პროტესტოს არაერთი გამოვლინება იხილა. მაგალითად, ნორვეგიამ, გერმანიამ და ნიდერლანდებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მატჩებამდე სხვადასხვა სიტყვების შემცველი, თუმცა იდენტური შინაარსის მაისურები ჩაიცვეს, რომელიც კატარში ადამიანთა უფლებების დარღვევას ეხებოდა.

წერილი

მუნდიალის მონაწილე ქვეყნებისთვის გაგზავნილი წერილის ავტორები FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და გენერალური მდივანი ფატმა სამური არიან. გზავნილში ვკითხულობთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია პოლიტიკური ორგანო არ არის, შესაბამისად, მის კომპეტენციაში სხვისი განსჯა და მორალურ თვალსაზრისზე მსჯელობა არ შედის.

“ვუწყით, რომ ფეხბურთი ვაკუუმში არ ცხოვრობს და ყველა ჩვენგანი თანაბრად ინფორმირებულია, რომ მსოფლიოს ყველა წერტილში პოლიტიკური ხასიათის ბევრი გამოწვევა და პრობლემა არსებობს.

გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ფეხბურთი გახდეს ყველა იდეოლოგიური და პოლიტიკური ბრძოლის ველი.

FIFA-ში ვცდილობთ, ყველა შეხედულებასა და რწმენას პატივი ვცეთ, დანარჩენი მსოფლიოსთვის მორალის გაკვეთილების ჩატარების გარეშე. არცერთი ხალხი თუ ნაცია, რომელიმე სხვაზე აღმატებული არ არის. ეს პრინციპი კი ურთიერთპატივისცემისა და არადისკრიმინაციული გარემოს მთავარი ქვაკუთხედია. ეს ასევე ფეხბურთის ერთ-ერთი საკვანძო ღირებულებაცაა.

ასე რომ, გთხოვთ, გახსოვდეთ ეს და მიეცით ფეხბურთს საშუალება იყოს სცენისა და ყურადღების ცენტრში.

გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, მივიღოთ და გავამხნეოთ ყველა, განურჩევლად: წარმოშობის, ისტორიული ფონის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და ეროვნული კუთვნილებისა”

FIFA

პროტესტი

გასული რამდენიმე თვის განმავლობაში კატარის კანონმდებლობა კიდევ უფრო აქტიურად განიხილება საფეხბურთო საზოგადოებაში. არაბულ ქვეყანაში ქცევის მიღებული ნორმების მიხედვით, გულშემატკივრებს მუნდიალებზე ჩვეული გასართობების ნაწილზე უარის თქმა მოუწევთ. ასევე ნებისმიერ ადამიანს ეკრძალება საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ტირაჟირება.

ამის საპასუხოდ ჰარი კეინი და მუნდიალის მონაწილე კიდევ 9 ნაკრების კაპიტანი აპირებს ითამაშოს სამკლაურით, რომელსაც წარწერა, ერთი სიყვარული ექნება დატანილი.

ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაურით, რომელსაც აქვს წარწერა OneLove სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერად
ჰარი კეინი ერთა ლიგაზე გერმანიის წინააღმდეგ, OneLove სამკლაურით

მცირე ხნით ადრე დანიის ნაკრებმაც გააცხადა საკუთარი გეგმა – გააპროტესტოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები ორიგინალურად. 1992 წლის ევროპის ჩემპიონ ნაკრებს ფორმებზე ყველა სიმბოლო მკრთალად ექნებათ, რათა ირიბად არ იყვნენ იმის თანამონაწილენი რაც კატარში 2010 წლის შემდეგ ხდებოდა.

დანიის ნაკრები კატარი 2022-ზე უფერული ლოგოტიპებით ითამაშებს
დანიის ნაკრების ფორმები კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე

2010 წლის შემდეგ 7 ახალი სტადიონის, საგზაო ინფრასტრუქტურის, აეროპორტისა და სასტუმროების მშენებლობაში მონაწილეობა 30 000 იმიგრანტმა მიიღო. მათი უმეტესობა ინდოეთიდან, ბანგლადეშიდან, პაკისტანიდან და ნეპალიდან იყვნენ. 2021 წლის თებერვლის მონაცემებით მშენებლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით 6500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული რიცხვი კატარში ამ ქვეყნის საელჩოების ანგარიშებზე დაყრდნობით შედგა, რის საპასუხოდაც, კატარის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რიცხვს გადაჭარბებული უწოდეს და აღნიშნეს, რომ ყველა დაღუპული სამშენებლო სამუშაოებში არ მონაწილეობდა.

კატარი 2022 20 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.