ამერიკული ინვესტიცია და არსენალის დაღმასვლა

ამერიკული ინვესტიცია და არსენალის დაღმასვლა - კრონკეების ეპოქა | Setanta Sports

არსენალის მიმართ ნელნელა ინტერესს ვკარგავ, მათი თამაში ჩემში არანაირ ემოციას არ აღძრავს“, – ეს სიტყვები ემანუელ პეტის ეკუთვნის, რომელმაც კარიერის საუკეთესო პერიოდი არსენ ვენგერის არსენალში გაატარა, კლუბის დიდი გულშემატკივარია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, ლონდონური კლუბი ნელ-ნელა ჩამოქვეითდა და ოთხეულისთვის აღარავინ განიხილავს. ეს პროცესი კი გუშინ არ დაწყებულა, არსენალის ვარდნას უკვე დიდი ხანია ვუყურებთ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვენგერმა მომდევნო ფორმაციის გუნდის აშენება ვერ შეძლო, ისე როგორც მისი მთავარი კონკურენტი, სერ ალექსი აშენებდა. ანრის, ბერგკამპის, ვიეირას, პირესის, კოულის, კემბელისა და ლუგბერგის შემდეგ გამოჩნდნენ ახალი ფეხბურთელები, რომელთაც შეეძლოთ წარმატების მიღწევა და ასეც მოხდა – ემანუელ ებო და ბაკარი სანია, ფლამინი საყრდენ ზონაში, ალექსანდრ გლები, რომელსაც ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა არსენალში, კოლო ტურე, სამირ ნასრი, რობინ ვან პერსი და ემანუელ ადებაიორი, უილიამ გალასი და არსენალის მთავარი იმედი – სესკ ფაბრეგასი. ამ გუნდს ჰქონდა პოტენციალი, რომ ნელ-ნელა საჩემპიონო გუნდად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ვენგერმა ფეხბურთელების შენარჩუნება ვერ შეძლო, ყოველი სეზონის დასაწყისში კარგავდა ვარსკვლავებს და ახალი გუნდის შენებას იწყებდა, ასე კი წარმატების მიღწევა შეუძლებელია. სწორედ ეს განასხვავებდა „ოქროს არსენალსა“ და მის შემდგომ პერიოდს, ჰაიბერის მეომრებმა საფეხბურთო კარიერა არსენალს მიუძღვნეს, ბირთვი ხელშეუხებელი იყო და ტიტულებიც მოვიდა, შემდეგ კი ყველაფერი აირია. თითქოს ფულია პრობლემა, მაგრამ არსენალს ფული არასდროს აკლდა, კლუბიც ბევრს გამოიმუშავებდა და მფლობელებსაც არ ჰქონიათ პრობლემა, საქმე მენეჯმენტში იყო, არსენ ვენგერს ბოლო წლებში ბიზნესმენად მოიხსენიებდნენ, არადა, საერთოდ არ ეკითხებოდნენ, ვისი გაშვება სურდა და ვისი არა. ისიც სათქმელია, რომ ვინც არსენალი დატოვა, მათი სრული უმრავლესობის კარიერა რეგრესისკენ წავიდა – მანჩესტერ სიტი აგრესიულად შემოვარდა სატრანსფერო ბაზარზე და არსენალიდან სამი ვარსკვლავი წაიყვანა: კოლო ტურე, ემანუელ ადებაიორი და სამირ ნასრი. ტურეს და ლესკოტს განიხილავდნენ ძირითადში, მაგრამ ბელგიელმა ცენტრმა საოცარი პროგრესი აჩვენა, კომპანი კლუბის ლეგენდად ჩამოყალიბდა, ტურეს კი არასდროს უთამაშია იმ დონეზე, რა დონეზეც არსენალში თამაშობდა. 

ემანუელ ადებაიორმა სიტიში ძალიან კარგად დაიწყო, შემდეგ შეხვდა თავის ყოფილ კლუბს, გოლიც გაუტანა, მთელი სტადიონი გაირბინა და არსენალის ფანების წინ აღნიშნა, ასე უმსგავსოდ მოიქცა, სახელიც გაიტეხა და თავიც, დიდი ჯარიმა დააკისრეს, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მისცეს და მას შემდეგ ფორმაში ვეღარ შევიდა. 

სამირ ნასრისაც ჰქონდა სიტიში კარგი პერიოდი, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა, ბოლოს კი მოიცილეს, დოპინგ სკანდალშიც გაეხვია და დღეს უკვე ძალიან სასაცილოა იმის მოსმენა, რომ ამ ბიჭს ზინედინ ზიდანს ადარებდნენ და საფრანგეთის ნაკრების მთავარ იმედად მიიჩნევდნენ. 

ფლამინი ძალიან მაგარი სეზონის შემდეგ გადავიდა მილანში, სადაც ადგილი ვერ დაიმკვიდრა, ვენგერის ხელში ნელ-ნელა იზრდებოდა, მილანში კი დამუხრუჭდა, მას მერე კვლავ დაბრუნდა არსენალში, მაგრამ იმის ნახევარიც ვეღარ ითამაშა, რაც მანამდე გვიჩვენა. იგივე ბედი ერგო ალექსანდრ გლებს, ლონდონელების ლიდერობა არ იკმარა და ბარსელონას მიაშურა, სადაც პეპ გვარდიოლას გუნდში კონკურენციას ვერ გაუძლო, კარიერის ბოლოს ისიც ამოთქვა, ვზარმაცობდი, თორემ მეტს შევძლებდიო. მოგვიანებით მის გზას გაჰყვა სესკ ფაბრეგასიც, მოლოდინი ძალიან დიდი იყო, კარგი მატჩებიც ჩაატარა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ბარსელონაში ვერ ითამაშა ისე, როგორც მისგან ელოდნენ. სესკი ამას მეტწილად გვარდიოლას აბრალებს, მიუხედავად იმისა, რომ პეპი მალევე წავიდა კლუბიდან, ალბათ ხანგრძლივ თანამშრომლობას დაჰპირდა, მაგრამ არ გამოვიდა ეს საქმე, ამიტომ, ფაბრეგასი დღემდე ბრაზობს და იმ ფეხბურთელების აზრს იზიარებს, რომელთაც მოურინიო გვარდიოლას ურჩევნიათ. ფაბრეგასი აღარასდროს ყოფილა ისეთი კარგი, როგორიც არსენალში იყო. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც სათამაშო დონე შეინარჩუნა, მაინცდამაინც, მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა. ახლა რომ უკან დააბრუნო ეს ფეხბურთელები, არსენალიდან ალბათ არავინ წავიდოდა, საჩემპიონო გუნდის შექმნა შეეძლოთ, დაიფანტნენ და ვერაფერს მიაღწიეს. არსენ ვენგერმა იცოდა, ვინ როგორ უნდა გამოეყენებინა. 

ამის შემდეგ, ჯერ ფერგიოსონმა თქვა, ვენგერს კონკურენტად აღარ აღვიქვამო, რაც მძიმე მოსასმენი გამოდგა, მაგრამ ნამდვილად ასე იყო საქმე, ზღვარი გაევლო ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდებსა და არსენალს შორის, რომელიც მუდმივად მეოთხე ადგილს იყო ჩამოკიდებული. სათამაშო დონეც დაეცა, ყველაზე მეტად მენტალობას უწუნებდნენ, ამბობდნენ, რომ ჩელსის გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდა, არსენალს კი ახალი მწვრთნელი სჭირდებოდა, რომელიც მას გამარჯვებებისკენ გაუძღვებოდა, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს, რომ ვენგერი დაახლოებით ისეთივე ფიგურა იყო არსენალისთვის, როგორიც ფერგი მანჩესტერისთვის, ამიტომ, მის წასვლას სრული რეორგანიზაცია უნდა მოჰყოლოდა. ასე აღმოჩნდა არსენალი ოთხეულს მიღმა და ახალი არსენალის საძირკველი ჯერჯერობით არ ჩანს. 

არადა, ახალ სტადიონს თითქოს ახალი გამარჯვებები უნდა მოეტანა, ახლა კი ყველა ჰაიბერის ეპოქას მისტირის, როცა არსენალი ძალიან ძლიერი გუნდი იყო და ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა. ჰაიბერი ლამაზი სიზმარივით არის, ძილის გაგრძელების სურვილს რომ გიტოვებს, მაგრამ ეს უკვე დამთავრდა.

შვედი მილიარდერი და Spotifyy

წინა სეზონში არსენალის შეძენა Spotify-ს თანადამფუძნებელს, შვედ მილიარდერ დენიელ ეკს სურდა, რომელიც ბავშვობიდან არსენალის გულშემატკივარია და, როგორც ჩანს, მისი მწვერვალზე დაბრუნება სურს. ხმებიც გაავრცელა, კლუბში პატრიკ ვიეირას, ტიერი ანრისა და დენის ბერგკამპს დავაბრუნებო, თავის მხრივ, სამივე ლეგენდამ შეიძინა გამოცდილება, როგორც სამწვრთნელო, ისე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობით, ამიტომ, ეკს ეს მხოლოდ იმიტომ არ უთქვამს, რომ მისი ბავშვობის გმირები არიან, ამ ადამიანებს შეუძლიათ საქმის სწორად კეთება, შიდა სამზარეულოსაც კარგად იცნობენ და, რაც მთავარია, „ოქროს არსენალის“ იდენტობას, სწორედ ისინი განაპირობებდნენ, მაგრამ არაფერიც არ გამოვიდა, კრონკეებმა კლუბი არ გაყიდეს. 

დიდი მიზნები გვაქვს და კლუბი ისევ ძლიერი გახდება, მაგრამ ეს ხანგრძლივი გეგმაა“, – თქვა ჯოშ კრონკემ, მას შემდეგ, რაც დენიელ ეკი გამოჩნდა ასპარეზზე. 

კრონკეებს უარის თქმა არ უჭირთ, ჯერ კიდევ 2017 წელს, ალიშერ უსმანოვს უთხრეს უარი საკუთარი წილის მიყიდვაზე, უსმანოვი კრონკეების შემდეგ ყველაზე დიდ წილს ფლობდა ლონდონურ კლუბში, ერთი წლის შემდეგ კი ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა, კრონკეებმა უსმანოვს შესთავაზეს წილის გამოსყიდვა და მიზანს მიაღწიეს, უსმანოვმა აქციების 30% 550 მილიონ სტერლინგად დათმო და მოხდა ის, რაც არასდროს მომხდარა – არსენალის აქციების სრული პაკეტი ერთი კომპანიის ხელში აღმოჩნდა, რომლის სახელწოდებაა – KSE – Kroenke Sports & Entertainment.

აქა ამბავი კრონკებისა

სტენ კრონკემ არსენალში ინვესტიცია 2007 წელს განახორციელა, მის მოსვლამდე აქციები რამდენიმე ადამიანზე იყო გადანაწილებული და ყოველ დეკადაში სურათი რადიკალურად იცვლებოდა. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პიტერ ჰილ-ვუდი იყო, რომელიც 80-იანებში კლუბის აქციების 19%-საც კი ფლობდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო, მაგრამ 2000-იანებში მისი აქციები 0,6%-მდე შემცირდა, მიუხედავად ამისა, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ინარჩუნებდა. ვიცე-თავმჯდომარის პოსტს დევიდ დინი იკავებდა, რომელიც 90-იანებში კლუბის აქციების 42,5%-ს ფლობდა, რაც გაცილებით დიდი ლუკმა იყო რიჩარდ და კლაივ კარებთან შედარებით, რომლებიც 10%-ზე ნაკლებს ფლობდნენ, მაგრამ 2000-იანებში დევიდ დინის წილი 15%-მდე შემცირდა, კლუბში კი ახალი სახეები მოდიოდნენ, რომლებსაც არსენალში ახალი ინვესტიცია მოჰქონდათ, მაგალითად, დენი ფისმანი და ნინა ბრეისველ-სმიტი, თუმცა, პროცენტების გადანაწილებისა და ინვესტირების მიუხედავად, მმართველობაში მთავარ სიტყვას დევიდ დინი და პიტერ ჰილ-ვუდი ინარჩუნებდნენ.

როცა პირველად გავრცელდა ხმები, რომ არსენალით ამერიკული კომპანია იყო დაინტერესებული, ფანებს ეს ამბავი კარგად არ მიუღიათ, ჩათვალეს, რომ არსენალი მისთვის მორიგი გასართობი იყო, რადგან ამერიკული ჰოლდინგი სპორტის სხვადასხვა სახეობას არის მოდებული, მათ მფლობელობაშია ამერიკული ფეხბურთის (NFL) გუნდი – სენტ ლუის რემსი, NBA-ის გუნდი – დენვერ ნაგეტსი, NHL-ის, ანუ, ნაციონალური ჰოკეის ლიგის გუნდი – კოლორადო და ასევე, MLS-ის გუნდი – კოლორადო რეპიდსი. თუ რომელი გუნდისა და სპორტის მიმართ იჩენს განსაკუთრებულ ინტერესს კრონკეების ოჯახი, ამაზე ცოტა მოგვიანებით. 

სტენ კრონკე არსენ ვენგერთან და ფეხბურთელებთან ერთად | Setanta   Sports

სტენ კრონკე არსენ ვენგერთან და ფეხბურთელებთან ერთად

კრონკეების მოსვლამდე, წინა დეკადაში არსენალმა პრემიერ ლიგის სამი ტიტული მოიგო, მას შემდეგ კი ამ მიზანთან ახლოსაც არ ყოფილან, მხოლოდ 2014 წელს შეძლეს ინგლისის თასის მოგება. არსენალი ჩემპიონთა ლიგას გამოეთხოვა და ევროპა ლიგის მკვიდრი გახდა, სტადიონს მიღმა საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, სტადიონზე კი სულ უფრო ხშირად ისმის – „Get out of our club!”

თუმცა, განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს, ერთ-ერთი წყარო The Athletic-თან ამბობს: კრონკეების მიმართ დამოკიდებულება უსამართლოა, ისინი კლუბზე საკმარისად ზრუნავენ, მათ სამი დაქვემდებარებული ადამიანი ჰყავთ, რომელთაც ყველაფერს ანდობენ, ამიტომ, შესაძლოა, მუდმივად სტადიონზე არ იყვნენ, მაგრამ კლუბს ყურადღებას არ აკლებენ“. 

საპასუხოდ, The Athletic-მა კრონკეების მცირე პორტრეტი შეადგინა: 

სტენ კრონკე არსენალის თამაშებს იმაზე ხშირად ესწრება, ვიდრე იწერება.

KSE- (Kroenke Sports & Entertainment) ჰყავს ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებიც არსენალის შიდა საქმეებს უძღვებიან

ნიკოლა პეპეს შეძენის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბარბექიუზე, ლოს ანჯელესში, ჯოშ კრონკეს სახლში. მფლობელებმა გასცეს გარანტია, რომ თანხას იმ შემთხვევაშიც დაფარავდნენ, თუ ფეხბურთელების გაყიდვიდან შემოსავალს ვერ მიიღებდნენ

ფეხბურთელების ხელფასების შემცირების მოთავენი მფლობელები არ ყოფილან, ეს გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ მიიღო, აღმასრულებელმა დირექტორმა გუნდთან შეხვედრის დროს პრეზენტაციაზე მძინარე დათვის ილუსტრაცია გამოიყენა

 ტიმ ლუისი კრონკეების ნდობით აღჭურვილი პირია, რომელიც ყველა დავალებას ულაპარაკოდ ასრულებს. სწორედ ის მივიდა არსენალის საწვრთნელ ბაზაზე გუნდის ვარჯიშებზე დასაკვირვებლად და რაულ სანჰელს უთხრა, რომ გათავისუფლებულია

თანამშრომლების გათავისუფლებაზე, ტრანსფერების განხორციელებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, გადამწყვეტი სიტყვა სტენ კრონკეს ეკუთვნის და ასე იყო ყოველთვის.

ის უფრო კარგი ადამიანია, ვიდრე ხალხი ფიქრობს, უბრალოდ, მას ხალხის სიყვარულს ურჩევნია, რომ ჩაკეტილი იყოს“, – უთხრა The Athletic-ს სტენის ყოფილმა თანამშრომელმა. 

კრონკეს მიაჩნია, რომ სპორტში ქმედება უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები. 

დასაწყისი

2004 წელს, KSE-ის მფლობელობაში არსებული კლუბის, კოლორადო რეპიდსის აღმასრულებელ დირექტორად ჯეფ პლაში დაინიშნა, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ევროპულ კლუბთან პარტნიორობის გახერხება იყო, პრიორიტეტი პრემიერ ლიგის კლუბს ენიჭებოდა.  

ვიცოდი, რომ საფეხბურთო ცოდნის ამაღლება და ევროპულ სტრუქტურებში გარკვევა მოგვიწევდა, არსენალთან გადავწყვიტე დაკავშირება, არა იმიტომ, რომ ამ გუნდის ფანი ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ მათი მემკვიდრეობა და იმიჯი ბიზნესისთვის მიმზიდველად გამოიყურებოდა, – ჰყვება ჯეფ პლაში. 

ჯეფი დიკ ლოუს დაუკავშირდა, რომელიც არსენალის სატრანსფერო საქმეებს უძღვებოდა სამხრეთ აფრიკაში. – არსენალი და რეპიდსი? სრული სიგიჟე იყო, ეს ხომ ფორთოხლისა და ვაშლის შედარება არ არის, ეს უფრო საზამთრო და ატამი იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ ჯეფი არასდროს ნებდებოდა“, – ამბობს დიკ ლოუ. 

პლაში ლონდონში თბილად მიიღეს, თამაშზე დაპატიჟეს და დიალოგიც დაიწყო. მცირე ხანში ლონდონს სტენ კრონკე ესტუმრა და შეხვედრა ჰაიბერიზე შედგა. 2007 წელს პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა, აპრილის თვეში კრონკემ კლუბის აქციების 9,9% შეიძინა Granada Ventures-ისგან, ხოლო 2008 წელს ოფიციალურად გახდა დირექტორთა საბჭოს წევრი. დევიდ დინი იყო ადამიანი, რომელმაც სტენ კრონკეს გზა ბოლომდე გაუხსნა, მას მიაჩნდა, რომ მილიარდერი დაეხმარებოდა მანჩესტერთან და ჩელსისთან კონკურენციაში, სწორედ აქ დაუშვა დიდი შეცდომა, სტენ კრონკე საერთოდ არ ჰგავს რომან აბრამოვიჩს, რომელიც აგრესიულად შემოვიდა ინგლისურ ფეხბურთში და ჩელსი გრანდად აქცია, ის უფრო თანამემამულე გლეიზერებს წააგავს, თუმცა, მათზე ბევრად ჩაკეტილი, ჩუმი და მოთმინებით სავსე ადამიანია. დევიდ დინს კი ეგონა, კლუბში ისეთი კაცი მოჰყავდა, რომელიც დიდი ტრანსფერების განხორციელებას შეუწყობდა ხელს, თავისთვის იჯდებოდა 9,9%-იანი აქციებით ხელში და მმართველობას ხელს არ შეუშლიდა. ერთი სიტყვით, დევიდ დინს სურდა ამერიკული ინვესტიცია, მაგრამ კარი გააღო და მშიერი ლომი შერჩა ხელში, რომელიც მხოლოდ ბიზნესის აზარტით იკვებება. 

ამავე პერიოდში სრულდებოდა არსენალის ახალი სტადიონის მშენებლობა, კლუბს გარანტირებული ჰქონდა მაყურებლისგან მეტი შემოსავალი, კრონკე არსენალში დიდ შესაძლებლობებს ხედავდა. გასათვალისწინებელია ქალაქის ფაქტორიც, ლონდონი მსოფლიოს ფინანსური ცენტრი იყო. ამერიკელების მოსვლას ფანების გარდა, დირექტორთა საბჭოშიც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, სწორედ აქედან იწყება დიდი კონფლიქტები და სწორედ ამან შეუწყო ხელი კიდევ ერთი დიდი წილის მფლობელის, ალიშერ უსმანოვის გამოჩენას. 

დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ The Guardian-თან განაცხადა: თუ გნებავთ, ძველმოდური და ჩამორჩენილი მიწოდეთ, მაგრამ კრონკეს ფული არ გვჭირდება, ჩვენი მიზანია არსენალს სტილი და იდენტობა შევუნარჩუნოთ, ზუსტად არ ვიცი, აპირებს თუ არა კრონკე ჩვენი კლუბის ხელში ჩაგდებას, მაგრამ ჩვენ მას წინააღმდეგობას გავუწევთ, – აი, ასეთ საბრძოლო განწყობაზე იყო პიტერ ჰილ-ვუდი, ამ სიტყვით კი გამოჩნდა, რომ დევიდ დინისგან აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა კრონკეების მიმართ, ისევე როგორც დევიდ ფისმანს, ამიტომ, კრონკეების მომყვან დინს მალევე დაატოვებინეს ვიცე-თავმჯდომარის თანამდებობა და მთლიანად დირექტორთა საბჭოც, თუმცა, ის ჯერ კიდევ ფლობდა კლუბის აქციებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მმართველობაში ვეღარ ერეოდა, თავისი წილი ალიშერ უსმანოვს მიჰყიდა. ისე გამოვიდა, რომ დევიდ დინი, კაცი, რომელიც „ოქროს არსენალთან“ და დენის ბერგკამპის კლუბში მოყვანასთან არის ასოცირებული, ორი ყველაზე მსხვილი მოთამაშის შემოყვანის მოთავე გახდა, კრონკეებს თავად შემოუძღვა, ხოლო უსმანოვს აქციები მიჰყიდა. 

არსენალის „ინგლისურ“ კლუბად დარჩენა ფანებისთვის ღირსების საქმედ იქცა, 2005 წელს, როდესაც თასის ფინალში მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდნენ, არსენალის ფანებმა მანჩესტერელები აბუჩად აიგდეს შეძახილით – USA! USA! აბა, რა იცოდნენ, რომ იმავე დღეში აღმოჩნდებოდნენ. ყველაფერი ნელ-ნელა განვითარდა, კრონკეებს დირექტორთა საბჭოში ჰყავდათ მოწინააღმდეგეები, მაგრამ ვინც ყველაზე მეტად უპირისპირდებოდა, სწორედ მათგან ყიდულობდნენ კლუბის აქციებს, საბოლოოდ კი ასეთი სურათი მივიღეთ: 

  • დენი ფისმენი – 25,2%
  • ლედი ნინა ბრეისველ-სმიტი – 15,9%
  • გრანადა მედია – 10%
  • კლაივ და რიჩარდ კარები – 7,7%
  • პიტერ ჰილ-ვუდი – 0,6%
  • ლორდ ჰარის პეკჰამი – 0,1%
  • კენ ფრარი – 0,1%
  • სერ ჩიპს კესვიჩი – 0,02%
  • დანარჩენი მეწილეები – 7,4%

კრონკეებმა ყველა ამ ადამიანისა თუ კომპანიისგან გამოისყიდეს წილი და, საბოლოო ჯამში, აქციების 67%-ს მოუყარეს თავი. ზუსტად ორი დღის შემდეგ, რაც ეს ამბავი დადასტურდა, დენი ფისმენი ყელის კიბოთი გარდაიცვალა.

ამასობაში უსმანოვმა დევიდ დინის აქციებით და მისი რჩევებით შეძლო და კიდევ 15% ჩაიგდო ხელში, ასე მივიღეთ არსენალში ორხელისუფლებიანობა – კრონკეების 67% და უსმანოვის 30%. მერე მოხდა ის, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, ჯერ უსმანოვს ჰქონდა მცდელობა, რომ კრონკეებისგან აქციების ნაწილი გამოესყიდა, შემდეგ კი კრონკეებმა ბოლომდე იყიდეს მისი წილი და არსენალში დაიწყო ის, რაც დასაბამიდან არ მომხდარა, კლუბს ერთი სრულუფლებიანი მმართველი ჰყავს. 

სტენ კრონკე | Setanta Sports

სტენ კრონკე

კრონკეების განხორციელებული პირველი ინვესტიციის შემდეგ, არსენალს შვიდწლიანი ლოდინი მოუწია პირველი ტიტულის მოსაგებად, საშინელი სტატისტიკაა, მაგრამ სტენ კრონკე დიდი მოთმინებით გამოირჩევა, თუმცა, მოთმინება არ აქვთ ფანებს. ამერიკასა და ინგლისს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, ინგლისელი ფანები ყველაფერზე სხვაგვარად რეაგირებენ, განსაკუთრებით მატჩის ბილეთების ფასზე. კრონკეებს ამასთან ადაპტირება მოუხდათ. 

როცა საუბრობთ კრონკეზე, უნდა იცოდეთ, რომ ეს არ არის კაცი, რომელიც სტადიონზე ზის და მარცხენა ან მარჯვენა გარემარბზე მსჯელობს, ის უყურებს თამაშს და მხოლოდ რიცხვებს ხედავს, ეს კლუბისთვის რაღაც მხრივ კარგიც არის და ცუდიც“, – ჰყვება კლუბის ყოფილი თანამშრომელი. 

2018 წლიდან, ჯოშ კრონკე, სტენ კრონკეს ვაჟი, ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად იმისათვის, რომ ინგლისურ კულტურას უფრო ახლოს გასცნობოდა და არსენალის საქმეებს პირადად გაძღოლოდა. მანამდე, კრონკეების თვალი და ყური ტომაგო კოლინსი იყო, რომელიც მთლიანად იცნობს კლუბის დინამიკას და KSE-ის ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელია. 

ჯოშის ჩამოსვლას დაემთხვა რაულ სანლეჰის დანიშვნა საფეხბურთო ურთიერთობების ხელმძღვანელად, მათ შორის კომუნიკაცია მარტივად შედგა, სანლეჰი ახალი მისული იყო გერმანელ სკაუტთან სვენ მისლინტატთან და საკონტრაქტო მომლაპარაკებელთან, ჰუსან ჰამლისთან ერთად. ამ ხალხს ივან გაზიდისმა მოუყარა თავი, იმისათვის, რომ არსენ ვენგერის ეპოქა გადაეგორებინა. ვენგერის გაშვება კი საკამათო და რთული გადაწყვეტილება იყო. ჯოშ კრონკე ვენგერის მოსაცილებლად არ ჩასულა ლონდონში, არსენალის ბორდში ისედაც იყვნენ წევრები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ მწვრთნელი ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა წასულიყო გუნდიდან, თუმცა, ნათელია, რომ სტენ კრონკეს გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა. 

რთული სიტუაცია იყო არსენ ვენგერის ირგვლივ, როგორც ამბობენ, სტენ კრონკე და არსენ ვენგერი ერთმანეთს პატივს სცემდნენ, სხვადასხვა წყარო ადასტურებს, რომ ვენგერი ყოველთვის იღებდა იმ თანხას, რომელსაც მენეჯმენტისგან თხოულობდა, მაგრამ თავად არსენი სხვაგვარად ჰყვება, მიწევდა იმის გაკეთება, რაც არ მსურდა“, – თქვა ვენგერმა და სავარაუდოდ ფეხბურთელების ნაადრევად გაშვება იგულისხმა. 2017/18 წლების დასასრულს კრონკე ვენგერს შეხვდა და წასვლის შესახებ ესაუბრა, განცხადება შუა სეზონში გააკეთეს იმისათვის, რომ  გულშემატკივართა შორის განწყობა შეცვლილიყო, მაგრამ რაღაც მაინც გაუთვალისწინებელი დარჩა, რადგან ვენგერს მუშაობის გაგრძელება სურდა. დირექტორები ამერიკაში ჩავიდნენ სტენ კრონკესთან, ან, მამა კრონკესთან შესახვედრად, როგორც მას ლონდონში ეძახიან. სტენ კრონკე ძალიან უკმაყოფილო იყო განვითარებული მოვლენებით, მენეჯერების მუშაობით და გეგმებით. ბოლოს მაინც მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ ყველაფერი KSE-ის ფილოსოფიის მიხედვით გაგრძელდებოდა, ხოლო ვენგერის შემცვლელის ძიება გაზიდისს დაევალა. ამბობენ, რომ გაზიდისის შეთავაზებულმა უნაი ემერიმ, კრონკესთან შეხვედრისას დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ინგლისური ძალიან სასაცილოდ ჟღერს. 

2018 დიდი ცვლილებების წელი გამოდგა, ჯერ არსენ ვენგერი წავიდა, რომელზეც უმრავი რამ იყო კლუბში დამოკიდებული და მერე მას ივან გაზიდისიც მიჰყვა, რომელიც კრონკეების დიდი ნდობით სარგებლობდა. ივანმა მილანში გადაინაცვლა. წასვლის წინ მფლობელებს რაულ სანლეჰის კანდიდატურა შესთავაზა დირექტირად, მათაც დაუჯერეს. ფეხბურთში სხვა სფეროებთან შედარებით ძალიან მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც აღმსასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობას შეძლებენ, მხოლოდ ის, რომ ვიღაცამ გირჩია, საკმარისი არ არის“, – ამბობს The Athletic-თან პრემიერ ლიგაში მომუშავე აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. 

უნაი ემერისთან ერთად ჯოშ კრონკე იმედგაცრუებული დაბრუნდა ბაქოდან, მისმა გუნდმა ფინალი ჩელსისთან დიდი ანგარიშით წააგო და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ შეძლო. 

ამას დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა – ჩვენ გვანაღვლებს, შენ?“ – ასეთი იყო არსენალის ფანების კითხვა, რომლებიც ამერიკელებს ადანაშაულებდნენ, რომ მათ კლუბი არ აინტერესებდათ. 

საქმე ის არის, რომ კრონკეების საყვარელი ბიზნესი ფეხბურთი ნამდვილად არ არის, მათ ემოციური კავშირი მხოლოდ კალათბურთთან აქვთ, რადგან მამაც და შვილიც კალათბურთს თამაშობდნენ, ამ სპორტში ხედავდნენ საკუთარ თავს და დენვერ ნაგეტსის მფლობელების რანგშიც უფრო კომფორტულად არიან. გარდა ამისა, სტენ კრონკეს მეორე სიყვარული ღვინოა, მას წილები აქვს ისეთ კომპანიებში, როგორებიც არის Screaming Eagle, Jonata, Domaine Vonneau, Martay – ამბობენ, რომ მილიონერად ქცევა ძალიან მარტივია, ჩადე ფული ღვინის ბიზნესში და თუ მილიარდერი ხარ, მალევე იქცევი მილიონერადო, მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკელებთან ესეც სხვაგვარად მუშაობს, იქ ღვინო დიდი და შემოსავლიანი ბიზნესია. 

მიუხედავად იმისა, რომ მამა-შვილმა იდენტური გზა გაიარა სპორტული თვალსაზრისით, პიროვნულად ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, სტენ კრონკე ჩაკეტილი და ჩუმი ადამიანია, შეიძლება ითქვას, აისბერგია, რომელიც მხოლოდ მცირედს განახვებს, მისი დაფარული მხარის შესახებ კი არავინ არაფერი იცის. მისი შვილი გახსნილი ადამიანია, ყოველ შემთხვევაში, არსენალის მმართველობისას ასე პოზიციონირებს და ფეხბურთელებთან ურთიერთობასაც არ ერიდება, ხშირად ურეკავს კიდეც, პრეზენტაციების, კონტრაქტების საკითხის მოგვარების ან მძიმე ტრავმების შემდეგ. არც ფანებთან ლაპარაკი ეშლება, მისი წარმოთქმული სიტყვა, შესაძლოა, რომელიმე პოლიტიკოსის ნათქვამში შეგეშალოთ, რომლის მმართველობაც წარუმატებლობასთან ასოცირდება – ერთ დღესაც გავიხედავთ უკან და ვიამაყებთ იმით, რომ ეს მძიმე გზა ერთად გამოვიარეთ, გავიხსენებთ იმ დღეს, როცა ერთად დავდექით და ეს ერთიანობა რაღაც განსაკუთრებულის საწყისად იქცა“, – აი, ასე მიმართავს ხოლმე ჯოშ კრონკე არსენალის ფანებს. 

რაულ სანლეჰი, ჯოშ კრონკე და ედუ — Setanta Sports

რაულ სანლეჰი, ჯოშ კრონკე და ედუ

ამჟამად არსენალში არტეტასა და ედუს დუეტი მუშაობს, არტეტა მწვრთნელად, ედუ კი ტექნიკურ დირექტორად, ამბობენ, რომ იდენტური ფილოსოფია აქვთ, მაგრამ, როგორც ემანუელ პეტიმ აღნიშნა, ბევრი არაფერი შეცვლილა, არსენალი ისევ უსახურ ფეხბურთს თამაშობს, შედეგის ჩვენებაც უჭირს და არც იმ გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც ოთხეულში შესვლას შეძლებს. 

ფანები ისევ უიმედოდ არიან, წუხილს გამოთქვამენ, რომ შვედმა მილიარდერმა კლუბის ყიდვა ვერ შეძლო, იმისათვის, რომ ძველი გვარდია დაებრუნებინა, ამ ყველაფრის შემხედვარე კი, ამერიკელი ბიზნესმენები მოთმინებით მიუყვებიან გზას, თუმცა, ეს რა გზაა და საით მიდის, ალბათ მხოლოდ მათ იციან. 

ასევე გთავაზობთ მეტი სტატიის წაკითხვას პრემიერ ლიგაზე!

წყარო

The Athletic
The Guardian 
The New York Times